უახლესი ამბები
არქივი
ეკონომიკა
ჭარბვალიანობის ძირითადი პრობლემა წამოვიდა სწორედ არასაბანკო სექტორიდან - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ჭარბვალიანობის პრობლემაზე მათ მთავრობასთან ერთად დაიწყეს მუშაობა 2016 წლის მეორე ნახევრიდან.
„ჩვენ ამ საკითხზე მუშაობა მთავრობასთან ერთად აქტიურად დავიწყეთ 2016 წლის მეორე ნახევრიდან, რამდენიმე ნაბიჯი 2016 წლის ბოლოსვე გადაიდგა. წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი კი ჭარბვალიანობისგან თავის არიდების გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.
მესტვირიშვილის თქმით, პარლამენტმა 2018 წლის დასაწყისში მთავარი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც ეროვნულ ბანკს უფლება მისცა, გაუწიოს ზედამხედველობა არასაბანკო სექტორსაც. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მტკიცებით, ჭარბვალიანობის პრობლემა სწორედ არასაბანკო სექტორიდან წამოვიდა.
„ჭარბვალიანობის ძირითადი პრობლემა წამოვიდა სწორედ არასაბანკო სექტორიდან, რადგან ინტერნეტით ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობა ძალიან მარტივი გახდა, ამას მოჰყვა აგრესიული მარკეტინგი, რამაც საბოლოოდ, ამ პრობლემამდე მიგვიყვანა“,– ახსნა მესტვირიშვილმა.
მისი განცხადებით, წინა წელთან შედარებით, ონლაინ სესხებისა და სწრაფი დაკრედიტების კუთხით მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის შეცვლილი.
„თუმცა ეს არასაკმარისია და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება, სანამ ჭარბვალიანობა და მოსახლეობის უფლებების დაცვა უკვე მისაღებ დონეზე არ იქნება“, – განაცხადა მესტვირიშვილმა და აღნიშნა, რომ ყველა სესხის გამცემის მიმართ თანაბარი მიდგომა იარსებებს, რათა მსესხებელი დაცული იყოს.
დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, ჭარბვალიანობასა და სასესხო-საკრედიტო რეგულაციებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელიც ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა გახსნა. შეხვედრაზე ასოციაციამ სასესხო-საკრედიტო საკითხებზე სამართლებრივი მექანიზმების დახვეწის მიზნით, წინადადებები წარადგინა.