საზოგადოება
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგს დღესვე მივაღწევთ - ლევან იზორია ჯარისკაცებს
თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ბორჯომის ხეობაში მობილიზებულ სამხედროებს მიმართა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ჯარისკაცები მოსახლეობის მოლოდინს გაამართლებენ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში და კონკრეტულ შედეგს დღესვე მიაღწევენ.
„დღეს ვართ უფრო დიდი ამოცანის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ იმ დიდ იმედს, რაც აქვს ახლა საქართველოს მოსახლეობას თქვენ მიმართ, თითოეული მონდომებით, თავდადებით, რითაც ქართველი ჯარისკაცი გამოირჩევა, ღირსეულად წარმოაჩენთ და ღირსეულად უპასუხებთ.
მე, გენშტაბის უფროსი, მეთაურები, ვიქნებით თქვენს გვერდით, რომ ერთად ეს ამოცანა, რასაც ჰქვია ამ შემთხვევაში ჩვენი ბუნების დაცვა, შევასრულოთ ღირსეულად.
დიდი მადლობა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგს მივაღწევთ უკვე დღესვე“, - მიმართა ჯარისკაცებს იზორიამ.
შეგახსენებთ, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აღმოსავლეთ სარდლობის 1000-ზე მეტი ჯარისკაცი შემოუერთდა.
ანა მებურიშვილი