უკან

დღის კალენდარი

20 დეკემბერი, 2025 08:22
font-size

დღის კალენდარი - 20 დეკემბერი

წლის 356-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 11 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მარხვა.

ხსენება წმიდა ამბროსისა — მედიოლანელი ეპისკოპოსისა (397); მოწამის ათინოდორისა (დაახლ. 304); ღირსი პავლე მორჩილისა.

წმიდა ამბროსი, ეპისკოპოსი მედიოლანისა დაიბადა 340 წელს, გალების მხარეში, რომაელი განმგებლის ოჯახში. მამის გარდაცვალების შემდეგ ამბროსის ოჯახი რომში გადასახლდა, სადაც მომავალმა მღვდელმთავარმა და მისმა ძმამ სატირმა იმ დროისათვის ბრწყინვალე იურიდიული განათლება მიიღეს. 374 წელს გარდაიცვალა ქალაქ მედიოლანის ეპისკოპოსი ავქსენტი, რასაც დიდი შური და არეულობა მოჰყვა მართლმადიდებელ ქრისტიანთა და არიოსის მიმდევარ მწვალებლებს შორის.

მთელი ქალაქი მოითხოვდა ამბროსის დადგინებას ეპისკოპოსად, მაგრამ თავად ის, რომელიც მაშინ კათაკმეველი იყო, თავს უღირსად მიიჩნევდა. მაშინ საქმეში იმპერატორი ჩაერია — ვალენტინიანი უფროსი და მისი ბრძანების დაუმორჩილებლობა ამბროსიმ ვერ გაბედა. იგი ენერგიულად იბრძოდა მწვალებლობათა გავრცელების წინააღმდეგ და მარად ქრისტეს ეკლესიის ერთიანობისთვის იღვწოდა.

აღსრულება ამბროსი მედიოლანელისა, რომელიც 397 წლის აღდგომის ღამეს გარდაიცვალა, სასწაულებით აღინიშნა, იმავე ღამეს იგი ახლადმონათლულ ყრმებსაც გამოეცხადა. წმიდანის სხეული მედიოლანის ბაზილიკაში დაკრძალეს, სამკვეთლოს ქვეშ, წმიდა მოწამეების — გერვასისა და პროტასის საფლავთა შორის.

მოწამე ათინოდორე, რომელიც წარმოშობით სირიის მესოპოტამიიდან იყო, სიჭაბუკის წლებიდანვე ეწეოდა მონაზვნურ ცხოვრებას. იგი შესმენით შეიპყრეს როგორც ქრისტიანი და სასტიკ სატანჯველს სწიეს ქვეყნის განმგებლის ელევსის ბრძანებით.

დაიბადნენ:

1886 — დიმიტრი უზნაძე, გამოჩენილი ფსიქოლოგი. გარდაიცვალა 1950 წელს.

1901 — რობერტ ვან დე გრააფი, ცნობილი ამერიკელი ფიზიკოსი. გარდაიცვალა 1967 წელს.

1926 — რევაზ ინანიშვილი, ცნობილი მწერალი. გარდაიცვალა 1991 წელს.

1929 _ სარგის ცაიშვილი, აკადემიკოსი, ლიტერატურათმცოდნე. Gგარდაიცვალა 1992 წელს.

გარდაიცვალნენ:

1934 — ნიკო მარი, გამოჩენილი ფილოლოგი, ენათმეცნიერი, აღმოსავლური ენების მკვლევარი.

1968 — ჯონ ერნესტ სტეინბეკი, ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

მოვლენები:

1848 წელი — ლუი ბონაპარტი საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა.

1860 წელი — სამხრეთი კაროლინა ამერიკის შტატების კავშირს გამოეყო და სამხრეთელთა კონფედერაციაში გაერთიანდა.