უკან

საზოგადოება

12 მარტი, 2025 13:00
font-size

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 12 მარტის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

მათივე ცნობით, წლიური ინფლაცია კვლავ მიზნობრივ, 3 პროცენტიან, მაჩვენებელზე დაბალია.

“2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, ფასების საერთო დონე წლიურად 2.4 პროცენტით გაიზარდა, საბაზო ინფლაცია კი 2.0 პროცენტს გაუტოლდა. ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაცია, რომლის ცვლილება შედარებით ხისტია და ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, მიზნობრივ დონესთან ნარჩუნდება და თებერვალში 3 პროცენტს შეადგენს. წინა თვეებთან შედარებით ინფლაციის ზომიერი ზრდა და მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოება, ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე რისკების რეალიზებამ განაპირობა. კერძოდ, საერთაშორისო ბაზრებზე საკვები ნედლეულის მზარდი ფასები ადგილობრივ ბაზარს გარკვეულწილად გადმოეცა და წინა თვესთან შედარებით ინფლაცია მცირედით გაზარდა. მეორე მხრივ, ინფლაციის ზომიერი ზრდა ელექტროენერგიის ტარიფების შემცირების საბაზო ეფექტის ამოწურვას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, მიმდინარე ტენდენციები ეროვნული ბანკის ბოლო პროგნოზის ცენტრალური სცენარის დაშვებებთან მეტწილად თანხვედრაშია. საერთაშორისო ბაზრებიდან გაზრდილი წნეხის ფონზე, ინფლაცია ეტაპობრივად მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება და 2025 წლის პირველ ნახევარში მასთან ახლოს იქნება. მას შემდგომ, ნაწილობრივ საბაზო ეფექტის გავლენითაც, მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება. თუმცა, მოსალოდნელზე მაღალი ტემპით იზრდება ეკონომიკური აქტივობა. წინასწარი მონაცემებით, იანვრის ეკონომიკურმა ზრდამ 11.1 პროცენტი შეადგინა. ამ ეტაპზე, ძლიერი მოთხოვნის პარალელურად, სებ-ის შეფასებით, ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალიც მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც ძლიერი მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას გარკვეულწილად ანეიტრალებს. ერთობლივ მოთხოვნას საკრედიტო აქტივობაც ასტიმულირებს, რაც დიდწილად ბიზნეს სესხების გააქტიურებას უკავშირდება და ეკონომიკის პოტენციური ზრდის ხელშემწყობია.

გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, ერთი მხრივ, განიხილა მაღალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. ბოლო დროს გლობალურად მომატებულია გაურკვევლობა, რაც დიდწილად, საერთაშორისო ბაზრებზე სატარიფო პოლიტიკას უკავშირდება. აღნიშნული პოლიტიკა საერთაშორისო დონეზე ეკონომიკური ფრაგმენტაციის ნიშნებს გამოკვეთს, რაც თავის მხრივ, მიწოდების ჯაჭვების გაუარესებისა და გლობალურად მაღალინფლაციური გარემოს ჩამოყალიბების რისკებს აძლიერებს. შიდა ეკონომიკური ფაქტორებიდან საყურადღებო რჩება მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლის რისკები.

მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. გლობალურად მიმდინარე გაურკვევლობისა და სატარიფო პოლიტიკის შედეგად დოლარის ინდექსი გლობალურად სუსტდება. ამ ტენდენციების ფონზე, გამყარებული გაცვლითი კურსი, იმპორტირებული პროდუქტების ინფლაციის გზით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.

მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების შეფასების შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია განაკვეთის შემდგომი ნორმალიზების მიმართ ფრთხილი მიდგომის არჩევა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება განახლებულ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებსა და რისკების ანალიზზე.

ნებისმიერ შემთხვევაში, სებ-ი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 7 მაისს ჩატარდება”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 17:53

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონ

საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები

22 ოქტომბერი, 2025 , 17:46

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.  მოსწავლეებისთვის

მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა

22 ოქტომბერი, 2025 , 14:47

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ. როგორც

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:40

ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მეხუთე საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ღონისძიება ეროვნული სატყეო სააგენტოს

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში

21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ემიგრანტებისთვის მობილბანკში გზავნილების მორიგი კამპანია დაიწყო.  კამპანია განკუთვნილია საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21 ოქტომბერი, 2025 , 12:57

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და დეველოპერულ კომპანია „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, საქართველოს ბანკის კორ