საზოგადოება
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებმა“ საქველმოქმედო ფონდის დაფუძნება დაანონსა
პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებმა“ საქველქმედო ფონდის დაფუძნება დაანონსეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ფრაქციის წევრებმა დღეს ბრიფინგი გამართეს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის თქმით, ათეული წლებია, მოსახლეობას ეკონომიკურად ძალიან უჭირს.
„ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის დაძლევა იმის გამო, რომ სხვადასხვა ხელისუფლებები სხვადასხვა დროს ატარებდნენ რეფორმებს. მე ,,ობიექტივის’’ დირექტორი ვიყავი მიხეილ სააკაშვილის დროს და კარგად მახსოვს უამრავი მშიერი ადამიანი, უამრავი უსახლკარო, უამრავი გაჭირვებული მოდიოდა „ობიექტივის“ ოფისში და სწორედ მაშინ „ობიექტივის“ ჟურნალისტებმა გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა საქველმოქმედო მოძრაობა, რომლითაც უამრავ გაჭირვებულს რეალურად დავეხმარეთ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისი თქმით, ,,ობიექტივის’’ ჟურნალისტები ისევ აპირებენ საქველმოქმედო ფონდის „ობიექტივის“ დაფუძნებას, რომელიც სოციალურად დაუცველ ადამიანებს კვლავ დახმარებას გაუწევს.
მან საზოგადოებას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ამ აქციას არა მარტო სიტყვიერად, არამედ შემოწირულობებით. მისი ინფორმაციით, ფონდში ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ დეპუტატები ყოველთვიურად ხელფასიდან გარკვეული ოდენობის თანხას გადარიცხავენ.
„ჩვენ მიერ გაღებული თანხა მიზანმიმართულად დაიხარჯება და მიიმართება გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. ეს არ იქნება უმნიშვნელო თანხა. ეს არ იქნება ჩვენი ხელფასიდან 50, 100 ან 300 ლარი. ეს იქნება გაცილებით მეტი. მე ჩემი, როგორც ვიცე-სპიკერის ხელფასიდან, 1500 ლარს ჩავრიცხავ ამ ფონდში“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისი თქმით, ეს ქმედება არ არის პიარ-აქცია და ფრაქციის წევრებს რეალურად სურთ დაეხმარონ უსახლკაროებს, გაჭირვებულებს, მშიერ ადამიანებს.
მან სხვა ფრაქციების დეპუტატებს მიმართა, ასევე გაიღონ თავისი ხელფასებიდან გაჭირვებულებისთვის თანხები.