საზოგადოება
იმ სამედიცინო დაწესებულებებთან გავაფორმებთ კონტრაქტს, რომლებიც ჩვენს კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ - დავით სერგეენკო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ტალღის ფარგლებში მოხდება სამედიცინო დაწესებულებების სელექტიური კონტრაქტირება.
ამის შესახებ სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
მინისტრის თქმით, სიახლე პირველ ეტაპზე გავრცელდება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით.
„ეს არის პირველი ნაბიჯი იმ რეფორმების, რომელთა შესახებაც განაცხადა სამინისტრომ. ეს არის სამედიცინო დაწესებულებების სელექტიური კონტრაქტირება, რომლის ამოცანაც არის უფრო მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. პირველ ეტაპზე ეს შეეხო ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მიმარმთულებას – დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას”, – განაცხადა სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დადგინდა კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებები ჩაერთვებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ახალი სტანდარტები ეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ინფექციების კონტროლის ხარისხი, ახალშობილთა და ორსულთა მოვლა, ინფრაქტრუქტურულ და სამედიცინო აღჭურვასთან დაკავშირებულ პარამეტრებთან შესაბამისობა.
სერგეენკოს თქმით, სამედიცინო დაწესებულებების შემოწმება, თუ რამდენად აკმაყოფილებენ ისინი ახალ სტანდარტებს, დიდი ქალაქებიდან დაიწყება.
სერგეენკოს განცხადებით, კრიტერიუმების შეცვლა გამოიწვევს სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას.
„განისაზღვრა აუცილებელი ცვლილებები, რომლებიც უახლოეს პერიოდში შევა ძალაში. ვფიქრობთ რომ 1 მარტიდან უკვე ეს ახალი კრიტერიუმები დაინერგება და მიზანი არის უზრუნველყოს უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და უფრო ხარჯთეფექტური მოვლა“, -ამბობს მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპი 2017 წლის 1 მარტიდან დაიწყება.
ანა მებურიშვილი