საზოგადოება
„მემარცხენე ალიანსი“ საზოგადოებას რუსთავი2-ის აქციის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს
პარტია „მერმარცხენე ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე საზოგადოებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ დაგეგმილი აქციის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს.
როგორც ჯიბლაძემ პრესკონფერენციაზე განმარტა, დაგეგმილი აქციის მიზანი არა სიტყვის თავისუფლების დაცვა, არამედ ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის აღდგენა იქნება.
მისივე თქმით, რუსთავი 2-ის ე.წ. დამოუკიდებელი პოლიტიკა გამოიყენება ნაცმოძრაობისა და მის თანამოაზრეთა მიერ დედა ეკლესიაზე უპრეცედენტო შეტევის განსახორციელებლად.
„ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოთხოვნისა და სააკაშვილის რეჟიმის რეაბილიტირების მიზნით, ვითომდა ადამიანის უფლებებისა და თავისუფალი სიტყვის დასაცავად, რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციაზე ნაციონალური მოძრაობა მისი სატელიტი პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გეგმავენ პროვოკაციას, თავისუფალ ტელევიზიად წოდებულ პოლიტიკურ პარტია რუსთავი 2-ის გენმდივან გვარამიას ბელადობით. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო იმან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების დანაპირები ვერ შეასრულა. „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე ზრუნვით მოახდინა უკვე გარდაცვლილი პოლიტიკური რეჟიმის რეგენერაცია“,- განაცხადა ჯიბლაძემ.
ტელეკომპანია რუსთავი2-ის მიერ დაანონსებული აქცია, 19 თებერვალს არის დაგეგმილი. აქციის ლეიტმოტივი სიტყვის თავისუფლების დაცვაა.
მონიკა დავლიანიძე