არქივი
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტოკიოში შეხვედრა გამართა იაპონიის საგარეო საქმეთა სახელწმიფო მდივანთან ნობუო კიშისთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავს და კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ამ პერიოდში იაპონია-საქართველოს ორმხრივმა ურთიერთობებმა ბევრი მიმართულებით შეიძინა ბრწყინვალე ხასიათი.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებით აღნიშნა იაპონიის მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური კონტრიბუცია საქართველოს განვითარების სფეროში, ასევე იაპონიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აღინიშნა ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატებში.
მხარეებმა ისაუბრეს ბოლო პერიოდში მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მზარდ დინამიკაზე, ხაზი გაესვა საქართველოში იაპონიის მხრიდან ასევე უმაღლესი თანამდებობის პირების ვიზიტების მნიშვნელობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იაპონიის მხარეს გააცნო საქართველოს წარმატებები ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. შეხვედრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატა საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობებით, მათ შორის საქართველოს ჩართულობით საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტებში და თანამშრომლობაზე ენერგო სექტორში.
იაპონიის სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა საქართველოს წარმატებული რეპუტაცია საერთაშორისო ასპარეზზე, რაც კარგ შესაძლებლობას ქმნის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.
"იაპონიაში საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ასეთი მაღალი დონის ვიზიტები კვლავ გაგრძელდება. ასევე მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს ბიზნეს გარემო ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობს საერთაშორისო საზოგადოებაში და საქართველო იაპონური კომპანიებისთვისაც ძალზე მიმზიდველია. მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში ბევრ იაპონურ კომპანიას მოინახულებს და ასევე გაიმართება ბიზნეს სემინარი. ეს ვიზიტი დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაში" - განაცხადა კიშიმ.
იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში 1 ივნისს გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის და იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ფუმიო კიშიდას შეხვედრა, ასევე საზეიმო ვითარებაში აღინიშნება საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერობების 25 წლის იუბილე.