არქივი
პოლიტიკა
პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს
ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას, მანამ სანამ არ გავივლით კონსულტაციას შეწყალების პროცესის ყველა აქტორთან, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების საკითხზე განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმე გადასატანი იყო მომხდარი მკვლელობის ფაქტი იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტის საფუძვლით იყო გათავისუფლებული.
,,რამდენიმე დღეა, საზოგადოება შეძრწუნებულია იმ საზარელი მკვლელობის გამო, რომელიც თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოხდა.
ბუნებრივია, ჩვენთვისაც ძალიან მძიმე გადასატანი არის ყოველი ასეთი შემაძრწუნებელი ძალადობის ფაქტი. კიდევ უფრო მეტად მძიმე არის ეს მოვლენა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიცით, ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი ჩვენ მიერ იქნა შეწყალებული“, - განაცხადა პრეზიდენტმა და ვეფხია ბაქრაძისა და მის მიმართ გამოცემული შეწყალების აქტის შესახებ მედიას ინფორმაცია მიაწოდა.
,,2014 წლის აგვისტოში მაშინდელმა მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძალადობის აქტი თავისი მეუღლის მიმართ, თუმცა მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ დეკემბერში ჩადენილი ავარიის გამო იქნა დაპატიმრებული, შემდეგ ამ ორივე დანაშაულზე მას მიესაჯა სასჯელი. მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და მისი თხოვნა უარყოფილ იქნა. მეორე მიმართვის დროს კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც პირველ რიგში აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგის დადებით დასკვნას, სოციალური მუშაკის დადებით დასკვნას, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის დადებით დასკვნას და აგრეთვე სამედიცინო ცნობას, რომელშიც არ არის მითითებული რაიმე სულიერი აშლილობის თაობაზე. საქმეს თან ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ იგი 4 შვილის მამა იყო. აქვე, დავამატებ, რომ ამ თხოვნას თან ერთვოდა ოჯახის მხრიდან გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე - ეს ერთადერთი დეტალია, რომელზეც ჩვენ მეტ კონკრეტიკას ვერ მოგაწოდებთ ინფორმაციის პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე.
მაშინ კომისიამ მე მომმართა სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სრულად ამ ადამიანის გათავისუფლების თაობაზე. ჩვენ ეს დღეები სწორედ ამას ვუკვირდებოდით, გამომდინარე იმ განსაკუთრებული სიმძაფრიდან, რომლითაც მე პირადად და კომისიაც ძალადობის და განსაკუთრებით ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს განიხილავს. ეს ჩვენთვის განსაკუთრებული შემთხვევა იყო, რომელშიც ყველა ფაქტობრივი ინფორმაცია გაგაცანით. კომისიამ მომართა სრული გათავისუფლების თაობაზე, მე მხოლოდ გავანახევრე სასჯელი. მე რომც არ გამენახევრებინა სასჯელი და ის 6 თუ 7 თვე არ მომეკლო, ბრალდებული უკვე კალენდრულად მოიხდიდა სასჯელს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.
,,მიუხედავად იმისა, რომ მე გაგაცანით ყველა შემადგენელი ამ შეწყალების, ჩვენ მაინც უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ როგორც ამ მოვლენას, ასევე იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებსას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ღრმად ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზეც ვიღებთ გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას, მანამ სანამ არ გავივლით კონსულტაციას შეწყალების პროცესის ყველა აქტორთან, რომლებიც თავის თავში მოიცავს არამარტო სახელმწიფო უწყებებს, არამედ მოიცავს იმ ჯგუფებსაც, რომლებიც სპეციფიურად ძალადობაზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა, მოგვცენ უფრო მეტი დაკონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ აღადგენს კომისია გადაწყვეტილების მიღების პროცესს ძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი