უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
რა ფორმატში იქნება განხილული მეტრო „ვარკეთილის“ შემთხვევა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართოს, სადაც იქნება მიწვეული მერიის შესაბამისი სამსახურები.
ტყემალაძის თქმით, ამ თხოვნაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას ისინი რამდენიმე დღეში გაასაჯაროებენ.
„მას შემდეგ, რაც მოხდება მიზეზების დადგენა, თუკი ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება, რა თქმა უნდა, ის უმკაცრესად დაისჯება. რაც შეეხება საკრებულოში ამ საკითხის განხილვას, ეს არასდროს ყოფილა პრობლემა და არც ახლა იქნება. მოგეხსენებათ, ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა საკითხის ფრაქციის ფორმატში, ხოლო მეორე ნაწილმა საკრებულოს სხდომაზე განხილვა მოითხოვა. რა ფორმატში იქნება საკითხი განხილული, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ და უახლოეს დღეებში მოგახსენებთ“, - განაცხადა ტყემალაძემ.
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. დაკიდული ჭერი დაახლოებით გუშინ ჩამოიშალა, რის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მეტროსადგური 1-წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ ექსპლუატაციაში შევიდა 2017 წლის სექტემბერში. ობიექტს არემონტებდა შპს „ყვარელრემმშენი“.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.