საზოგადოება
უნდა შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზანი თავისუფალი სიტყვის დაცვა იქნება - მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“
მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრები მამუკა გამყრელიძე, ნიკა ვაშაკიძე, ბაჩუკი ქარდავა, პაატა დავითაია და ზურაბ ხარატიშვილი რუსთავი2-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ.
მოძრაობის წევრები გამოდიან ინიციატივით შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზანი თავისუფალი სიტყვის დაცვა იქნება.
როგორც ბრიფინგზე მამუკა გამყრელიძემ განაცხადა, იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში სამართლებრივი ბრძოლის ყველა ბერკეტი ქრება, კანონიერების დაცვას საზოგადოება იწყებს.
„ხელისუფლებამ აირჩია არასწორი გზა და გამოუცხადა ღია ომი სიტყვის თავისუფლებას. მიმდინარეობს სხვადასხვა სატელევიზიო მაუწყებლების დამორჩილების მეთოდური პროცესი, რის დასკვნით ფაზას ჩვენ ვხედავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის კასტრაციის სახით.
რაც შეეხება დამოუკიდებელ ტელეკომპანია რუსთვი2-ს, ის რჩება თავისუფალი სიტყვის უკანასკნელ ფორპოსტად, რომლის წინააღმდეგაც ხელისუფლებამ ყველა შესაძლებელი მეთოდის გამოყენება დაიწყო, მათ შორის, ამ პროცესში ყველაზე მიუღებელი, ხელისუფლების მიერ მართული სასამართლოსა და მოსამართლეების ჩართვა.
იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლების მეცადინეობით სამართლებრივი ბრძოლის ყველა ბერკეტი ქრება, კანონიერების დაცვას იწყებს საზოგადოება.
გარდა ამისა, ვითვალისწინებთ რა, იმ რეალობას, რომ ეს ბრძოლა არ იქნება მარტივი და მხოლოდ ერთი პოლიტიკური აქცია ვერ იქნება შედეგის მომტანი, გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით, რომლის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს თავისუფალი სიტყვის დაცვა“,-განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.
მონიკა დავლიანიძე