საზოგადოება
ზურაბ ჭიაბერაშვილი კერძო სადაზღვევო პაკეტების გაძვირებას პროგნოზირებს
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილ ცვლილებებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი უარყოფითად აფასებს.
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი შედარებით მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა მოეხსნებათ, კერძო დასაზღვევო კომპანიები პაკეტებს გააძვირებენ.
„აუცილებლად ამ ნაბიჯს მოყვება კერძო სადაზღვეო პაკეტების გაძვირება და უფრო ნაკლები ადამიანი შეძლებს ისარგებლოს კერძო დაზღვევით, მაგრამ მოქმედებს პრინციპი, რომ ისინი ვერ მოხვდებიან საყოველთაო ჯანდაცვაში და ამ ათეულ ათასობით ადამიანის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. საბოლოო ჯამში ასეთ ცალკეულ ნაბიჯებს და არა სისტემურ მიდგომას მიყავს ჩვენი ჯანდაცვა ქაოტურ მდგომარეობამდე,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებებს გეგმავს. საკანონმდებლო ინიციატივა დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ განმარტა.
მისი განცხადებით, ხარჯების ოპტიმიზაცია კერძო დაზღვევის მქონე პირებისა და შედარებით მაღალშემოსავლიანი ადამიანების ხარჯზე მოხდება, დაზოგილი ფულადი სახსრები კი, ღარიბი მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის გაფართოებას მოხმარდება.
ნინო ექვთიმიშვილი