პოლიტიკა
ჩხარტიშვილი არის შიკრიკი, რომელმაც ამბავი უნდა მიიტანოს და წამოიღოს - ნატო ჩხეიძე
„იბერიას“ დამფუძნებელმა და პარლამენტარმა ნატო ჩხეიძემ ახალ ფარულ ჩანაწერზე საუბრისას ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს „შიკრიკი“ უწოდა, „რომელმაც ამბავი უნდა მიიტანოს და წამოიღოს“. როგორც ჩხეიძემ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ჩხარტიშვილს აღნიშნულ ჩანაწერზე გაკეთებულ კომენტარში აღელვება ეტყობოდა, ვინაიდან ის რუსეთში ფარულ შეხვედრებს მართავდა.
როგორც ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, ბოლოს გავრცელებულ ჩანაწერში არანაირი მონტაჟი არ არის და მისი გადამოწმება ნებისმიერ ექსპერტიზაზე შეიძლება. ჩხეიძემ მისი და „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთში ვიზიტებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ეს იყო ღია შეხვედრები, რომელსაც პოლიტიკოსები მართავდნენ და არა ფარული შეხვედრები, რომელსაც არაპოლიტიკოსები ესწრებოდნენ.
„ის საუბარი, რაც ბოლო ჩანაწერში ისმის, ერთი ამოსუნთქვით არის, ანუ ის არ არის დამონტაჟებული და ამის შემოწმება ყველანაირი საშუალებით შეიძლება. იქ ჩანს, რომ ადამიანს ძალიან ეამაყება და ეტრაბახება თავისი საქციელი. იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ყვება, არაფერი აიძულებს, თუ არა თავისი სიამაყე, თუ როგორი საქმე ჩაიდინა. როდესაც საუბრობს, რომ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა, მას ძალიან მოსწონს თავი, ანუ ადამიანი, რომელიც ოფიციალურად ბიზნესმენია და არანაირი შეხება არ აქვს ოფიციალურ საკითხებთან და პოლიტიკასთან, ასეთ საქმეებშია ჩართული და ამას საუბრობს.
ზუსტი და სწორი ჩხარტიშვილის ნათქვამიდან არის ის, რომ ინტერესით ელოდება. რა თქმა უნდა, ის ინტერესით ელოდება, ვერ ვიტყვი რომ პოპკორნს მიირთმევს, საკმაოდ აღელვებული მეჩვენება. საკმაოდ მძიმეა, როდესაც პუტინის ადმინისტრაციასთან რაღაც ამბები მიაქვს და მოაქვს. ჩხარტიშვილი არის შიკრიკი, რომელმაც ამბავი უნდა მიიტანოს და წამოიღოს.
მე ვყოფილვარ რუსეთში შეხვედრებზე, ეს იყო ღია შეხვედრები და კამერების წინაშე იცოდნენ, თუ რას ვსაუბრობდით“, - განაცხადა ჩხეიძემ.
შეგახსენებთ, „კურიერის„ მიერ გამოქვეყნებულ მორიგ აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საუბრობდა, თუ როგორ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს სერგეი ნარიშკინს, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა სთხოვა.