Politics
    2026-05-26 | 09:49

    ორი საუკუნის წინ საყრდენი გამოგვაცალეს, ოქროს ჯაჭვი გამოგვაბეს და ჩვენი რწმენისგან დაცლა განიზრახეს, მას შემდეგ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ეს ბრძოლა ჯერ კიდევ მოსაგებია – შალვა პაპუაშვილი

    ორი საუკუნის წინ საყრდენი გამოგვაცალეს, ოქროს ჯაჭვი გამოგვაბეს და ჩვენი რწმენისგან დაცლა განიზრახეს, მას შემდეგ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ეს ბრძოლა ჯერ კიდევ მოსაგებია – შალვა პაპუაშვილი

    გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე არის ჩვენი ეროვნული ნების, თავისუფლების სიყვარულის და პასუხისმგებლობის სიმბოლო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღევანდელ დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან წელს აღინიშნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი.

    „საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა დრო, როდესაც შეწყვეტილიყოს ფიქრი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ეს დაუღალავი მუხტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველთვის ელოდა ისტორიის მორიგ ფანჯარას. დღევანდელ დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან წელს აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. ეს თარიღი გვახსენებს, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესია 17 საუკუნის განმავლობაში ერთად ქმნიდნენ იმ სულიერ, ეროვნულ საფუძველს, რომელმაც ურთულეს ეპოქებში გადაგვარჩინა. გადაგვარჩინა ჩვენმა თვითშეგნებამ და სამმა უმთავრესმა საუნჯემ – ქვეყნის სიყვარულმა, ტრადიციების ერთგულებამ და რწმენის სიმტკიცემ, რომელთა მთავარი შემქმნელი და შემნახველია ორი ინსტიტუცია – ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესია. მათი განცალკევება შეუძლებელია. მათი ისტორია ცალ-ცალკე ვერ მოითხრობა. ეს არის იმ ერთი სხეულის ორი საყრდენი, რომელსაც საქართველო ჰქვია. ორი საუკუნის წინ ჩვენ ეს ორივე საყრდენი გამოგვაცალეს, ოქროს ჯაჭვი გამოგვაბეს და ჩვენი რწმენისგან დაცლა განიზრახეს. მას შემდეგ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ეს ბრძოლა ჯერ კიდევ მოსაგებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.