მედიის რეგულირება პოლიტიკური კონტროლის იარაღად იქცა - DRI
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აცხადებს, რომ საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ბოლო გადაწყვეტილებები მედიის რეგულირების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების ნიშნებს შეიცავს და კრიტიკული მაუწყებლების მიმართ შერჩევით მიდგომაზე მიუთითებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 25 ივნისს კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „TV პირველი“ ტერმინების – „სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“ და სხვა მსგავსი შეფასებების გამოყენების გამო 2 500 ლარით დააჯარიმა. ამავე რეგულაციის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევა დაუდგინდა ტელეკომპანია „ფორმულასაც“, რომელსაც ასევე 2 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
DRI განმარტავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც „სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის“ პრინციპს ეხება, ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი ნორმა კომისიას საშუალებას აძლევს, პრაქტიკულად ნებისმიერი სარედაქციო ტერმინოლოგია „პირად დამოკიდებულებად“ შეაფასოს და მაუწყებელი სანქციის ობიექტად აქციოს.
ორგანიზაციის შეფასებით, ეს წარმოადგენს ნორმატიული გაურკვევლობის კლასიკურ მაგალითს, როდესაც კანონის ადრესატს წინასწარ არ შეუძლია განსაზღვროს, რომელი ქმედება გამოიწვევს სანქციას და რომელი – არა.
DRI-ის განცხადებით, არსებული პრაქტიკა აჩენს კითხვებს კომუნიკაციების კომისიის მოტივებთან დაკავშირებით, რადგან მონიტორინგი და სანქციები მხოლოდ კრიტიკულ მედიასაშუალებებს ეხება, მაშინ როდესაც, ორგანიზაციის შეფასებით, მმართველი პარტიის მხარდამჭერი მაუწყებლების მიმართ დარღვევები არ ფიქსირდება. მათი თქმით, ეს შერჩევითი მიდგომის განცდას ქმნის და მიუთითებს, რომ მარეგულირებელი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს.
ორგანიზაციის შეფასებით, ამ ვარაუდს ამყარებს კომუნიკაციების კომისიის ახალი თავმჯდომარის მმართველ პარტიასთან აფილირების შესახებ არსებული გარემოებები, ასევე დიდი ბრიტანეთის მიერ პროსახელისუფლებო ტელევიზიების დასანქცირების შემდეგ მედიის სარედაქციო კონტენტის რეგულირების შესახებ გაკეთებული განცხადებები. DRI-ის თქმით, „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების პრაქტიკა მარეგულირებლის მიტაცების ნიშნებს ქმნის.
ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული ტენდენცია დემოკრატიული უკუსვლისა და ავტოკრატიზაციის სამართლებრივი ინსტრუმენტალიზაციის გაგრძელებაა, როდესაც მოქმედი ინსტიტუტები მხოლოდ ფორმალური ლეგიტიმაციის შესანარჩუნებლად გამოიყენება.
DRI მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის მოქმედ პრაქტიკაში სამი ძირითადი პრობლემა იკვეთება:
სამართლებრივი გაურკვევლობა ჩაგვრის ინსტრუმენტად იქცევა;
სანქციების მოლოდინი მედიის თვითცენზურას ახალისებს;
შერჩევითი მიდგომა კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს უგულებელყოფს.
ორგანიზაციის განცხადებით, ამ სამი ფაქტორის ერთობლიობა მედიის რეგულირების მძიმე პრაქტიკას აყალიბებს და მედიის დამოუკიდებლობის მიზანმიმართული შეზღუდვის საფრთხეს ქმნის.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებს, პატივი სცეს კანონს, აღადგინოს მედიის რეგულირების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და შეწყვიტოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელთა ლეგიტიმურობაც, ორგანიზაციის შეფასებით, სადავოა.