ეს ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი, რომელშიც ჩვენ პოლიტიკური ლიდერშიპის გარეშე, თავმოჭრილი მამალივით უგზო-უკვლოდ მივეხეთქებით ხოლმე კედლებს - ბექა კობახიძე
ისტორიკოსი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით უნდა დავწერო შემდეგი: ქოცები პროფესიონალურ დონეზე ქმნიან საინფორმაციო ველსა და დღის წესრიგს. მათ იციან შემდეგი: აქეთ მხარეს საინფორმაციო ველს ქმნის ფართო გაგებით "ბაბლი". კაი ხალხი, გულიანი, მებრძოლი, მაგრამ ემოციითა და იმპულსით მოქმედი. ქოცებმა ყოველთვის იციან ეს ხალხი რა ემოციით მიუდგება ამა თუ იმ თემის შემოგდებას. კარგი, უტყუარი გზა არის. ახლა ფართო მასას რომ ვუთხრა, ხალხო, ასე არ ქნათ, ისე ქენით-თქო, არანაირი აზრი არ აქვს. ჯერესერთი, მე ვინ ვარ მე რომ დამიჯერონ და მერე კიდევ, რიგით ადამიანს პოლიტტექნოლოგიებში განსწავლულობის ტვირთი არ უნდა აჰკიდო.
ჩვენ რომ ვვარგოდეთ, უნდა იყოს ასე: კონტრნარატივს უნდა აყალიბებდნენ პოლიტიკოსები, რომლებსაც ექნებათ ავტორიტეტი და ისინი ოპოზიციურ მასას აალაპარაკებდნენ იმას, რაც საღ აზრთან არის ახლოს. გვაქვს პირუკუ მდგომარეობა: პოლიტიკოსები უყურებენ "ბაბლს", რომ მას აყვნენ; ან, სულ ცოტა, მასთან არ მოვიდნენ წინააღმდეგობაში და ბაბლის რისხვა არ დაიმსახურონ. სამწუხაროდ, პოლიტიკურ ჯგუფებს არ აქვთ ავტორიტეტი და ამიტომ არიან პოლიტიკოსები ასეთ მდგომარეობაში. ეს მოჯადოებული წრე წლებია გრძელდება.
დააკვირდით, ქოცები საფუძველშივე ცდილობენ მოკლან ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ პოლიტიკურმა აქტორებმა ტონი მისცენ მოვლენებს. დააკვირდით, ამ წამსვე გადადით პოსტივის, ქეთევანმიქიაშვილებისა და ასეთების ფეიჯებზე და ჩამოსქროლეთ ბოლო კვირების მათი შემოქმედება. ჩაჭერილი აქვთ ენმ-ზე, მიშაზე და ნანუკა ჟორჟოლიანზე. რატომ? აქედან რა გამოვა ეგ ცალკე საკითხია - ვნახოთ, მაგრამ ენმ-ს აქვს მცდელობა ხელახლა შექმნას პარტია და დაიწყოს პოლიტიკის კეთება; მიშა კი ბაბლს მიღმა საუბრობს პოლიტიკაზე, ხანდახან საკმაოდ ექსცენტრიულად, საკამათოდაც, მაგრამ "ბაბლის ტყვე" არ არის.
ეს არ უნდა, არაფრით აწყობს ქოცს და ამას აჭერენ. ქოცს უნდა, რომ იმპულსური ბაბლი იყოს მოპასუხე, რომელსაც ყველა სასურველ მახეს დაუგებენ.
ხვალ შეიძლება სხვამ სცადოს პოლიტიკური პროცესის სათავეში ჩადგომა, ხვალ მას გაუკეთებენ იგივეს.
ეს ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი, რომელშიც ჩვენ პოლიტიკური ლიდერშიპის გარეშე, თავმოჭრილი მამალივით უგზო-უკვლოდ მივეხეთქებით ხოლმე კედლებს. პოლიტიკოსებს უნდა ეყოთ გამბედაობა გამოვიდნენ "ბაბლის" ტყვეობიდან, ხოლო თავად "ბაბლი" უნდა გამოვიდეს "ფუუუ, პოლიტიკოსი" მოდუსიდან.
დღევანდელი მაგალითი: ქვეყანაში მესამედ მოხდა სრული გათიშვა. პირველი ორი გათიშვის შემდეგ, თავად ქოცებმა თქვეს, რომ ეს იყო უცხო სახელმწიფოს მხრიდან ელექტროსისტემაში ჩარევა. ვიღაცამ ზუგდიდიდან ლაგოდეხამდე და ბათუმიდან სტეფანწმინდამდე ერთი ხელის მოსმით სამჯერ გათიშა ქვეყანა. ამათ რუსეთს ხომ ვერ ათქმევინებ და ვინ უცხო სახელმწიფო? სვაზილენდი თუ სურინამი? ხო ცხადია რაც ხდება? ამათ ეუბნებიან, კაი ბიჭები ხართ, კარგად იქცევით, მაგრამ ასეთი დაუცველები ხართ ჩვენს წინაშე და კიდევ უფრო უკეთ უნდა მოიქცეთო. წინ ძალიან დიდი to do list არის: კონსტიტუციიდან ნატოს და ევროკავშირის ამოღება, ნეიტრალიტეტის ჩადება, რუსეთის საომარი ძალისხმევისთვის დახმარების გაწევა, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება და ა.შ.
ესენი ტროტუარზე მდგომი ხალხის დაპატიმრებაში არიან ყოჩაღები, თორე ქვეყანა მოშლილია, მისი უსაფრთხოების გარემო მორღვეულია. პირველი ორი გათიშვის შემდეგ, მოხსნეს ვინმე ზარდიაშვილი და გათიშვა მოხდა მესამედ. ესე იგი, არათუ არაფერი გამოსწორდა, ამ უბედურებმა არც იციან რა გამოასწორონ.
უშუქობის რამდენიმე საათს ავიტანთ, ბევრად უარესები აგვიტანია. აქ ამაზე არ არის საუბარი. საუბარია იმაზე თუ რამდენად დაუცველები დაგვტოვეს, აქ მართლა რამე პირდაპირი აგრესიის განზრახვა რომ გაჩნდეს.
შემაძრწუნებელი ამბავია. ახლა ამაზე უნდა ვლაპარაკობდეთ ყველა, უნდა ვიქექებოდეთ ამ გათიშვის მიზეზებში, ვითხოვდეთ პასუხებს, დეტალურ განმარტებას.
კაციშვილს განმარტება არ გაუკეთებია. რა საჭიროა? ერთი ხმაურიანი დაჭერა, რომელიც გუშინაც შეიძლებოდა მომხდარიყო და ხვალაც, მაგრამ დღეს მოხდა, და ბაბლი მზადაა თავით გადაეშვას შემოგდებულ თემაში.
ახლა ნახეთ კიდევ რა მოხდება: უკრაინისა და თბილისის ბანერების არ იყოს, ირინა ენუქიძისა და ეკა კუპატაძის ფოტოებს გამოდებენ კონტრასტისთვის. ჩავყვებით ამას ბოლომდე, ხოლო გარღვეულ ქვეყანაზე ფიქრს ეშმაკებს დავუტოვებთ.
ჭირი იქა, ლხინი აქა...“.