Justice
    2026-08-06 | 18:41

    “სფერო ჰოლდინგის” საქმეზე განაჩენი ცნობილია - დაზარალებულები აქციების დაწყებას აანონსებენ და ირაკლი კობახიძეს მიმართავენ

    “სფერო ჰოლდინგის” საქმეზე განაჩენი ცნობილია - დაზარალებულები აქციების დაწყებას აანონსებენ და ირაკლი კობახიძეს მიმართავენ

    მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაკავებული "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი, გივი წულეისკირი და იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. 

    მოსამართლე თამარ მახარობლიძისგადაწყვეტილებით, გივი წულეისკირს 12 წლით პატიმრობა განესაზღვრა, ხოლო სოფო პეტრიაშვილს 8 წლით. 

    სოფიკო პეტრიაშვილის ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაულის შესახებ არაფერი იცოდა, საქმეში მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არის და არა სამართალმა, არამედ საზოგადოებრივმა აზრმა გაიმარჯვა. 

    “სოფიკო პეტრიაშვილის მიმართ ამ საქმეში არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება და სამწუხაროდ, ეს არის ბოლოდროინდელი ტენდენცია და ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში გაიმარჯვა არა სამართალმა, არამედ საზოგადოებრივმა აზრმა. კი ბატონო, მესმის რომ კითხვები ჰქონდა გამოძიებას, თავის დროზე ყველა კითხვისთვის პასუხი გაცემული აქვს, როცა გამოძიება მიმდინარეობდა, მერე სასამართლოსაც დაახლოებით 3 საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას. არ იცოდა [დანაშაულის შესახებ]. არც დამფუძნებელი იყო, არავინ არ იყო, ჩვეულებრივი რიგითი თანამშრომელი, კი ბატონო იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა ბოლო დროს, მაგრამ ეს არ იყო, არც დამფუძნებელი. აქ იყვნენ წულეისკირი და მურუსიძე და რასაც ისინი ეუბნებოდნენ, რომ ეს დაზარალებულები აუცილებლად დაკმაყოფილდებიან, ზუსტად ამ დანაბარებს გადასცემდა სოფიკო პეტრიაშვილი დაზარალებულებს," - ამბობს უფლებადამცველი. 

    მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ბრალდებით სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი გივი წულეისკირი 10 ნოემბერს დააკავეს, ხოლო 4 თებერვალს სოფიკო პეტრიაშვილი. 

    დაკავებულია "სფერო ინვესტის" დირექტორი, ძებნილი გიორგი მურუსიძეც, ის საზღვარგარეთ აიყვანეს.  

    პროკურატურის ცნობით, "ბრალდებულთა ქმედებების შედეგად მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს". 

    "სფერო ჰოლდინგის" / "სფერო ინვესტის" დაზარალებულები გივი წულეისკირისა და სოფიკო პეტრიაშვილის განაჩენს ეხმაურებიან და ირაკლი კობახიძესა და სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართავენ. 

    დაზარალებულები აქციების დაწყებას აანონსებენ და მთავრობას მოუწოდებენ საქმეში ჩაერთონ. 

    “დასრულდა 9-თვიანი კოშმარი 570 ოჯახისთვის. 12 წელი მიუსაჯა მოსამართლე მახარობლიძემ დამფუძნებელ, მთავარ თაღლით, გივი წულეისკირს და ასევე შემსრულებელ თაღლითს სოფიკო პეტრიაშვილს მიესაჯა 8 წელი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - ქონებები, რაც მათ ეკუთვნოდათ, რაც "სფერო ინვესტს" ეკუთვნოდა, რაც იყო პროკურატურის მიერ დაყადაღებული, მიექცა ყველა დაზარალებულის საკეთილდღეოდ.

    თუმცა დღეს ჩვენი მთავარი მოთხოვნა რჩება მოთხოვნად. ქონება, რაც თაღლითების სახელზე არის ვერ აკმაყოფილებს 570 ოჯახის ზარალს, რომელიც არის 32 მილიონი ლარი. 3 წლის განმავლობაში, თაღლითური დაჯგუფება სფერო ჰოლდინგი ყველაზე გაჭირვებული ხალხისგან ითვისებდა თაღლითურად თანხას. 

    ჩვენ აქ არ ვამთავრებთ, ვგეგმავთ აქციებს. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ხელისუფლებისგან მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად ჩართულობა, დაგვიკავშირდნენ. მათი პასუხი ჩვენ წერილზე ყოველთვის იყო, რომ მიმდინარეობს გამოძიება, მიმდინარეობს სასამართლო. დღეს დასრულდა სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენი გვაქვს სახეზე. 

    მივმართავ ბატონ ირაკლი კობახიძეს და ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, 570 ოჯახი იმყოფება ქუჩაში წელიწადზე მეტია. გთხოვთ ჩაერთოთ ამ საქმეში," - ამბობენ დაზარალებულები. 

    წყარო: ტვპირველი