Commentary
    2026-08-07 | 10:21

    გიორგი ყარყარაშვილი გიორგი ბარამიძეზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს

    გიორგი ყარყარაშვილი გიორგი ბარამიძეზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს

    ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს. შენი სიტყვები დღეს აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელებს უწოდებენ, - ასე ეხმიანება გენერალ-მაიორი, აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ყარყარაშვილი, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომში, ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

    „სამწუხაროდ აფხაზეთის ომში მონაწილეებიდან ანგელოზი არცერთი მხარე არ ყოფილა, ფაქტები ბევრად უფრო მცირეა ქართველების მხრიდან ჩადენილი, რაც ერთ-ერთი ასეთი ფაქტი რომლის მომსწრე და თვითმხილველიც თავად გავხდი, რაც საკუთარ წიგნშიც მაქვს აღწერილი, სინანულს გამოვხატავ და რაც დღემდის მაწუხებს. რაც შეეხება აფხაზების წმინდანობას, თუნდაც შრომა-კამანის დაცემისას ტყვედ აყვანილებიდან არა მხოლოდ მებრძოლები დახვრიტეს, არამედ კამანის მონასტრის წინამძღვარი 25 წლის მამა ანდრია და მასთან ერთად არც მონასტრის მორჩილი აფხაზი ანუა, არ დაინდეს. სამწუხაროდ ამჟამად აბასთუმანში ვიმყოფები, თორემ თბილისში ყოფნის შემთხვევაში, ჩემს ვიდეო არქივში მაქვს, 1993 წლის მარტის დასაწყისში ყაზბეგის საბაჟოზე დაკავებული აფხაზეთში მონაწილე რუსი ეროვნების ოფიცერი, მაიორის ჩინით, რომელიც უშუალოდ1992 წლის 2 ოქტომბერს აფხაზების მხრიდან გაგრის აღებაში მონაწილეობდა, რომელმაც თავის ჩვენებაში აღწერა, რომ გაგრის აღების შემდეგ გაკვირვებული დარჩნენ მონაწილე რუსი ოფიცრები, თუ როგორი სისასტიკით და ზიზღით ასალმებდნენ სიცოცხლეს ქართველ ტყვეებს. რამხელა სიძულვილს გამოხატავდნენ ქართველების მიმართ. ჟიული შარტავას, მამია ალასანიას, გაბისკირიას და მასთან ერთად 50-მდე ტყვედ აყვანილი ქართველი სამოქალაქო პირის დახვრეტაზე რომ არაფერი ვთქვა. ასე, რომ ბიძიკო ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს. შენი სიტყვები დღეს აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელებს უწოდებენ. იმ დონეზე არიან გათავხედებულები, რომ უკვე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პირად გვერდს უვარდებიან და ლანძღვა-გინების ტექსტებს წერენ შენი დამსახურებით“, - წერს გიორგი ყარყარაშვილი სოციალურ ქსელში.