Commentary
    2026-08-07 | 13:28

    პირველ პერიოდში ეს მდგომარეობა იყო, გამწარებული ადამიანები, რომლებსაც დედა, მამა და ახლობლები მოუკლეს ბრძოლისას, ტყვეს არ იყვანდა და კლავდა, რადგან გამწარებული იყო - გიორგი ბარამიძე

    პირველ პერიოდში ეს მდგომარეობა იყო, გამწარებული ადამიანები, რომლებსაც დედა, მამა და ახლობლები მოუკლეს ბრძოლისას, ტყვეს არ იყვანდა და კლავდა, რადგან გამწარებული იყო - გიორგი ბარამიძე

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ მისი განცხადება აფხაზეთის ომის საწყის ეტაპს ეხებოდა, როდესაც, მისი თქმით, ქართულ მხარეს დისციპლინისა და ორგანიზებულობის პრობლემა არსებობდა, მოგვიანებით კი მდგომარეობა გამოსწორდა, რამაც ტყვეთა გაცვლის პროცესის განხორციელება შესაძლებელი გახადა.

    ბარამიძის თქმით, მისი ინტერვიუს ნაწილი კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა და რუსულმა პროპაგანდამ გამოიყენა.

    „ვინც უყურა ჩემს ინტერვიუს, ძალიან მკაფიოდ ვამბობ, რომ პირველ ხანებზე მაქვს საუბარი. სამწუხაროდ, ჩვენ მხარეს არ იყო არანაირი დისციპლინა. ჩვენ არ გვყავდა რეგულარული ჯარი. ეს ჯარის შეურაცხყოფას არ გულისხმობს. შემდეგ მდგომარეობა გამოსწორდა და სწორედ ამის შედეგად შევძელით დაახლოებით 200 ქართველი ტყვის გათავისუფლება. ჩვენც უნდა აგვეყვანა ტყვეები, რათა მათი გაცვლა შესაძლებელი გამხდარიყო“, – განაცხადა ბარამიძემ.

    მისივე განმარტებით, ომის პირველ დღეებში გამწარებული მებრძოლები ხშირად ტყვეებს არ იყვანდნენ, თუმცა მოგვიანებით ქართულ მხარეს მეტი ორგანიზებულობა და დისციპლინა ჩამოუყალიბდა.

    „პირველ პერიოდში ეს მდგომარეობა იყო, გამწარებული ადამიანები, რომლებსაც დედა, მამა და ახლობლები მოუკლეს ბრძოლისას. ტყვეს არ იყვანდა და კლავდა, რადგან გამწარებული იყო. ომი იმიტომ არის ცუდი, რომ ადამიანი ადამიანს კლავ და რუსულ მხარეს ჰქონდა ის დისციპლინა, რომ დაიწყეს ტყვეების აყვანა არა მათი ჰუმანურობის გამო, არამედ, რათა მოეპოვებინათ სამხედრო და სადაზვერვო ხასიათის ინფორმაცია“,- ამბობს ბარამიძე.

    ბარამიძემ აღნიშნა, რომ თავადაც მონაწილეობდა ტყვეების აყვანისა და გაცვლის პროცესში და ამ მიზნით ფრონტის ხაზზეც იმყოფებოდა.

    მისივე განცხადებით, 1992 და 2008 წლის ომებში აგრესორი, ოკუპანტი და ეთნიკური წმენდის განმახორციელებელი რუსეთის ფედერაციაა და ამ შეფასებას, მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება დიდი ხანია იზიარებს.

    ბარამიძემ ასევე განაცხადა, რომ მისი ინტერვიუს ფრაგმენტების კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელება რუსეთის პროპაგანდას ემსახურება და აღნიშნა, რომ მისი შეფასებები მხოლოდ ომის პირველ პერიოდს ეხებოდა.

    ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

    როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

    „გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატს და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს.

    საგამოძიებო ორგანოში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“, – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.