სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.
„სხვადასხვა მედია საშუალებასა და სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ცალკეული დაინტერესებული პირების მხრიდან მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება. განვმარტავთ, რომ ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, სხვადასხვა ქვეყნის 7880 -მა მოქალაქემ გადმოკვეთა.
ასევე, ანალოგიურ პერიოდში, ამავე გამშვები პუნქტით ქვეყანა დატოვა სხვადასხვა ქვეყნის 8406-მა მოქალაქემ.
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე, სხვადასხვა მონაცემის არასწორი ინტერპრეტაციითა და დამახინჯებული ფორმით გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, 18 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 20 000 ადამიანმა განაკვეთა. რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის თანახმად, ეს რეკორდული მაჩვენებელია.
“მსგავსი დინამიკა უკვე რამდენიმე დღე აღინიშნება: 15 და 16 აგვისტოს გამშვებ პუნქტს ყოველდღიურად 19 000 ადამიანი კვეთდა. მიმდინარე მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების ანალოგიური პერიოდების მაჩვენებლებს,” - ნათქვამია რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის განცხადებაში.