Politics
    2026-08-20 | 17:05

    რეალურად საქართველოში დაგროვებითი საპენსიო მოდელის და საპენსიო სააგენტოს რეფორმამ აბსოლუტური კრახი განიცადა - თაზო დათუნაშვილი

    რეალურად საქართველოში დაგროვებითი საპენსიო მოდელის და საპენსიო სააგენტოს რეფორმამ აბსოლუტური კრახი განიცადა - თაზო დათუნაშვილი

    „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმამ „აბსოლუტური კრახი განიცადა“.

    მისი თქმით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში დაახლოებით 1.7 მილიონი მოქალაქეა ჩართული, თუმცა სისტემის ამოქმედებიდან დღემდე მოქალაქის მედიანური საპენსიო დანაზოგი მხოლოდ 2 400 ლარს შეადგენს.

    „საქართველოს ამ მილიონ 700 ათას მოქალაქეს უნდა გავაცნოთ, რომ უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, ანუ დაგროვებითი პენსიის შემოღებიდან დღემდე, ჯამში საქართველოს მოქალაქის მედიანური საპენსიო დანაზოგი მხოლოდ 2 400 ლარია. ჩვენი დანაზოგი, რომელიც ყოველთვიურად 2%-ის სახით ჩვენს ანაზღაურებას ეჭრება, უმრავლესობისთვის წელიწადში მხოლოდ 300 ლარის სარგებელს იძლევა“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

    მისივე შეფასებით, აღნიშნული მაჩვენებელი მოქალაქეების ღირსეული პენსიით უზრუნველყოფისთვის საკმარისი არ არის.

    დათუნაშვილის თქმით, 2035 წლისთვის საქართველოში საპენსიო ასაკის მოქალაქეთა რაოდენობა 800 ათასიდან დაახლოებით 1.1 მილიონამდე გაიზრდება, რაც, მისი შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დამატებით მძიმე ტვირთი იქნება.

    „დღეს 9.7 მილიარდი ლარის აქტივებია მობილიზებული საპენსიო ფონდში, რაც, ფაქტობრივად, თქვენი ყოველთვიური 2%-იანი დანაზოგია. ეს, ერთის მხრივ, აჩვენებს, რომ საქართველოში რეალური მედიანური ხელფასი ძალიან დაბალია და, როგორც ვიცით, მედიანური ხელფასი მხოლოდ 1 400 ლარია“, - აღნიშნა მან.

    დათუნაშვილი საპენსიო სისტემის პრობლემად ასევე ასახელებს ფონდის აქტივების დაბალრისკიან და კონსერვატიულ პორტფელებში განთავსებას, ინფლაციასა და კერძო საპენსიო ფონდების განვითარების შეზღუდვას.

    „ფონდის აქტივები დაბანდებულია ძალიან კონსერვატიულ, დაბალრისკიან პორტფელებში, რაც ნიშნავს, რომ იქიდან ამონაგები მიზერულია. ამის პარალელურად, ინფლაცია და ჩვენი ფულის გაუფასურება მთლიანად ჭამს იმ რეალურ დანაზოგს, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

    მისი თქმით, პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია კერძო სექტორის უფრო აქტიური ჩართვა, მაღალი ამონაგების უზრუნველყოფა და ინფლაციის შემცირება ეკონომიკური ზრდისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზით.

    „ეს მდგომარეობა არ არის გამოუვალი. „ძლიერ საქართველოს“ აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა შეიცვალოს ეს ყველაფერი. აუცილებელია კერძო სექტორის აქტიური ჩართვა, რათა ამონაგები იყოს მეტი და მოქალაქეების რეალური საპენსიო დანაზოგი ღირსეული სიბერისთვის საკმარისი გახდეს“, - აღნიშნა მან.

    დათუნაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება.

    „საქართველოს სჭირდება დიდი მატერიალური დოვლათი და დიდი უცხოური ინვესტიცია, რომელიც შექმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ჩვენი ეკონომიკა ამით გაჯანსაღდება“, - განაცხადა „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრმა.

    დათუნაშვილმა ხელისუფლებას საპენსიო სისტემის სრული რეფორმისკენ მოუწოდა.

    „„ქართულმა ოცნებამ“ სასწრაფოდ უნდა გააუქმოს ეს ფონდი და სრული რეფორმა მოახდინოს, რომ როგორმე გადავარჩინოთ ის აქტივები, რომლებიც დაგროვილია ამ ფონდში“, - განაცხადა მან.