Conflict Zone
    2026-08-20 | 17:28

    აფხაზეთში საქართველოდან საწვავის შეტანისას მთავარი კითხვაა, ხომ არ მოხმარდება ის რუსეთის ინტერესებს - DRI

    აფხაზეთში საქართველოდან საწვავის შეტანისას მთავარი კითხვაა, ხომ არ მოხმარდება ის რუსეთის ინტერესებს - DRI

    დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოდან საწვავის შეტანის საკითხზე საზოგადოებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი კითხვა პასუხგაუცემელია.

    როგორც DRI-ში აცხადებენ, ოკუპირებულ აფხაზეთში, ისევე როგორც რუსეთში, საწვავის მწვავე დეფიციტია, რაც, მათ შორის, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე უკრაინული დრონების თავდასხმებს უკავშირდება.

    „საქართველოს ხელისუფლებამ 12 აგვისტოს დაადასტურა, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შევიდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საწვავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე კერძო ბიზნესმა შეიტანა და სახელმწიფო არაფერ შუაშია. თუმცა, მისი თქმით, მსგავსი ნაბიჯები მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის ფარგლებში განხორციელდა.

    19 აგვისტოს კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის ეს „თავიდან ბოლომდე ნდობის აღდგენის საკითხთან“ არის დაკავშირებული და მთავარი მიზანი ფულის შოვნა კი არა, ნდობის აღდგენაა“, - აღნიშნულია DRI-ის განცხადებაში.

    ინსტიტუტის შეფასებით, პრემიერის განცხადებების მიუხედავად, გაურკვეველია, რა სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძვლით გახდა შესაძლებელი კონკრეტული ტვირთის აფხაზეთში შეტანა და იყო თუ არა გამოყენებული კანონით გათვალისწინებული სპეციალური გამონაკლისი.

    DRI-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის „სპეციალური საწარმოს სტატუსი“ აქვს მინიჭებული.

    „კომპანიის მფლობელი გიორგი არველაძე ამბობს, რომ აფხაზეთში არა 3000, არამედ 680 ტონა საწვავი შეიტანა და უკვე დიდი ხანია აფხაზებთან ერთად საქმიანობს. შესაბამისად, ახლაც, კრიზისის ფონზე, ბიზნესმა საქმიანობა ნავთობის მიმართულებით გადაიტანა“, - აცხადებენ DRI-ში.

    ინსტიტუტის განმარტებით, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რიგ ეკონომიკურ საქმიანობას კრძალავს, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში მისი განხორციელება საქართველოს მთავრობის სპეციალური თანხმობით არის შესაძლებელი, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, დეოკუპაციას, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას ან ჰუმანიტარულ მიზნებს.

    „ამ ჩანაწერის მიუხედავად, უცნობია, რა საფუძვლით მოხდა ბენზინის აფხაზეთში შეტანა. აუცილებელია ამ საკითხზე მეტი გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

    DRI-ში ასევე აცხადებენ, რომ საზოგადოებისთვის ცნობილია საწვავის მიმწოდებლის ვინაობა, თუმცა უცნობია, გრძელდება თუ არა მიწოდება, რა პროცედურები გაიარა ტვირთმა და საბოლოოდ ვის და რა მიზნით მოხმარდა საწვავი.

    „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, მოხმარდა თუ არა საწვავი აფხაზეთის მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის საჭიროებებს, თუ მისი საბოლოო გამოყენება სხვა, რუსეთის მიერ კონტროლირებად სამხედრო ან სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე იგეგმება“, - აცხადებენ ინსტიტუტში.

    DRI-ის შეფასებით, თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბენზინის შეტანა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქებას ემსახურება და კანონით დადგენილ ჩარჩოში ხორციელდება, ეს შეიძლება მისაღები და მისასალმებელი იყოს.

    „თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ აფხაზეთში რუსეთის კონტროლია და მისი სამხედრო ბაზებია განთავსებული, ნებისმიერი მნიშვნელოვანი ენერგორესურსის მიწოდება საჭიროებს მკაცრ კონტროლს და ღია, გამჭვირვალე პროცესებს.

    მთავარი კითხვა მხოლოდ ის არ არის, დაირღვა თუ არა საქართველოს კანონი. გაცილებით მნიშვნელოვანია, შეიქმნა თუ არა ისეთი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს საქართველოს ტერიტორიიდან მიწოდებული საწვავის რუსეთის სამხედრო ან სხვა სტრატეგიული ინტერესებისთვის გამოყენებას. თუ ასეთი კონტროლი არ არსებობს, ჰუმანიტარული მიზნის მქონე გადაწყვეტილებამ შესაძლოა სრულიად განსხვავებული შედეგი გამოიწვიოს“, - აღნიშნულია DRI-ის განცხადებაში.

    ინსტიტუტი ასევე მიუთითებს აფხაზურ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საწვავის დეფიციტით უკმაყოფილო მოქალაქეები კითხულობენ, სად მიდის საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეტანილი საწვავი, რადგან ის ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურებზე არ ჩანს.

    „აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ჰუმანიტარული საჭიროებების გათვალისწინება შეიძლება იყოს კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. თუმცა ასეთი პოლიტიკა მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტიანი, თუ მას ექნება მკაფიო მიზანი, სამართლებრივი საფუძველი, გამჭვირვალე და საჯარო პროცედურები და ჰუმანიტარული მიზნები“, - აცხადებენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში.