Politics
    2026-08-21 | 17:05

    ეს კორუფციასთან ბრძოლა კი არა, კორუფციული ინტერესების გადანაწილებისთვის ბრძოლაა - გიორგი შარაშიძე

    ეს კორუფციასთან ბრძოლა კი არა, კორუფციული ინტერესების გადანაწილებისთვის ბრძოლაა - გიორგი შარაშიძე

    „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი შარაშიძე პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ მორიგ წერილს ეხმაურება.

    როგორც შარაშიძემ განაცხადა, ღარიბაშვილის წერილში სიახლე არ ყოფილა და ყოფილი პრემიერი ცდილობს, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ერთგულება დაუმტკიცოს.

    „ველოდით, რომ რაიმე განსაკუთრებულს მოვისმენდით ღარიბაშვილისგან, მაგრამ სიახლე, გარდა იმისა, რომ ის ცდილობს ბიძინა ივანიშვილს დაუმტკიცოს, რომ მისი ერთგულია და საუკეთესო მომსახურე პერსონალია მომსახურე პერსონალს შორის, არაფერი ყოფილა“, - განაცხადა შარაშიძემ.

    მისივე თქმით, ღარიბაშვილმა მის ხელთ არსებული ინფორმაცია პოლიტიკური პროცესების შესაცვლელად არ გამოიყენა და საკუთარი თავის დაცვაზეა კონცენტრირებული.

    „ეს კლანებს შორის დაპირისპირების გაგრძელებაა. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ დაწინაურდა კობახიძე-მდინარაძის კლანი ღარიბაშვილ-ლილუაშვილის კლანზე. ის, რომ ღარიბაშვილი კორუმპირებულია, ეჭვი არ გვეპარება და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ თავად „ოცნებაა“ კორუმპირებული და სწორედ „ოცნების“ კისერზეა პასუხისმგებლობა იმაზე, რომ საქართველოში სისტემური პოლიტიკური კორუფციაა“, - აღნიშნა მან.

    შარაშიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს კორუფციასთან ბრძოლაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს, რადგან, მისი შეფასებით, მმართველ გუნდში კორუფციასთან დაკავშირებული კითხვები კვლავ არსებობს.

    „არანაირი მორალური უფლება არ აქვს კობახიძეს, ისაუბროს კორუფციასთან ბრძოლის შესახებ, ვიდრე მისი მფარველობის ქვეშ და მისი კლანის წევრი იქნება კახა კალაძე, რომლის მიმართაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ყველაზე მეტი კითხვა აქვს კორუფციასთან დაკავშირებით. კალაძის ქონებითა და კორუფციული გარიგებებით რატომ არ ინტერესდება კობახიძე? ინფორმაცია არ აქვს თუ კითხვები არ აქვს?“ - განაცხადა შარაშიძემ.

    მისივე თქმით, მმართველ გუნდში კორუფციასთან ბრძოლა კი არა, ძალაუფლებისა და ფინანსურ რესურსებზე წვდომისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.

    „ეს კორუფციასთან ბრძოლა კი არა, კორუფციული ინტერესების გადანაწილებისთვის, ძალაუფლებისა და ფინანსურ რესურსებზე წვდომისთვის ბრძოლაა. ეს არის კლანებს შორის დაპირისპირება. „მეფის კარზე“ მოხდა ერთი კლანის ჩანაცვლება მეორე კლანით და კლანური მმართველობა დღესაც გრძელდება“, - განაცხადა მან.

    შარაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, „ოცნების“ ხელისუფლებაში კორუფციაში ჩართული არაერთი ჩინოვნიკი აგრძელებს საქმიანობას.

    „მთელი „ოცნება“ კორუმპირებულია და კორუფციაშია ჩართული. არაერთი კორუმპირებული ჩინოვნიკი აგრძელებს ხალხის ჯიბეში ხელის ჩაყოფას და ამით ჩვენი ქვეყნის ღალატს. კორუფცია არის ღალატი“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

    ინფორმაციისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ მის წინააღმდეგ „ბინძური პროვოკაცია“ მოაწყო.

    ღარიბაშვილის თქმით, მას „არაკაცური მახე“ დაუგეს, რის შემდეგაც მოატყუეს, „გადააგდეს“ და მისი ოჯახი და ახლობლები დააზარალეს.

    ყოფილი პრემიერი ასევე აცხადებს, რომ ხუთი წლით პატიმრობა „გუნდის შიგნით არსებული კონკრეტული ჯგუფის მიერ შექმნილი ცრუ აღქმების, წარმოსახვების, შურის, შიშებისა და ეჭვების გამო“ მიუსაჯეს.

    „ახლა ციხეშიც არ მასვენებთ, მომადექით ამ წერილით და ითხოვთ კორუფციული ბრალის აღიარებას იმ მიზეზით, რომ თქვენს მიერ შემოთვლილი ერთპროცენტიანი რისკიც დააზღვიოთ, რომ პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოვშორდე“, - წერს ღარიბაშვილი.

    მისივე განცხადებით, მის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს „ამორალური შანტაჟი და ზეწოლა“ ახლდა თან.

    „მე არავის არ ვებრძვი, მე ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს; ამიტომ, თქვენ მიერ გადმოდგმულ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.