არ ამხელ ბიძინა ივანიშვილს და არ მოყვები მისი დანაშაულების შესახებ და მარტო შენი ისტორიებით გაერთობა ერი, ბოლომდე მასხარად გაგხდის და ფეხებს სახეზე შეგაწმინდავს - ნიკა გვარამია
სიმართლე თქვი! თუ მხილების და სამართლიანობის სახელით არა, მტრის გასამწარებლად და დასასუსტებლად მაინც.მოძალადის ტყვეობაში მაინც ნუ იქნები მისი მონა, - ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც დღეს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა.
„არ ამხელ ბიძინა ივანიშვილს და არ მოყვები მისი დანაშაულების შესახებ და მარტო შენი ისტორიებით გაერთობა ერი, ბოლომდე მასხარად გაგხდის და ფეხებს სახეზე შეგაწმინდავს.
ბოლოს ისეთები მისცემენ შენზე ჩვენებას, სიმწრისგან გულღვიძლი დაგეწვება.
ისეთებს მოყვებიან შენზე ყველაზე ახლობელი ადამიანები, რომ სირცხვილისგან დაიწვები.
ვის უფრთხილდები და რას ელოდები? შენს შვილებს გაუფრთხილდი და ის მაინც დაანახვე, რომ წინააღმდეგობას სწევ.
ბოლობოლო, შური მაინც იძიე.
უბედურებაში გამწარებული მაინც იყავი და არა მორჩილი და მოძალადის თვალებში შემციცინე.
თუ არ აჯანყდები, ატკინე მაინც.
თუ ვერ დაამარცხებ, დაასუსტე მაინც.
სიმართლე თქვი! თუ მხილების და სამართლიანობის სახელით არა, მტრის გასამწარებლად და დასასუსტებლად მაინც.
მოძალადის ტყვეობაში მაინც ნუ იქნები მისი მონა“, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს.
პროკურატურამ ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.