წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის არ გამიგზავნია, მესიჯს თუ არ ჩავთვლით – მამუკა მდინარაძე
წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის არ გამიგზავნია, მესიჯს თუ არ ჩავთვლით. ცხოვრებაში საერთოდ არავისთვის არანაირი წერილი არ გამიგზავნია, არასდროს, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვა, მის მიერ თანამდებობის დატოვება ხომ არ უკავშირდება ირაკლი ღარიბაშვილის საქმეს.
მდინარაძის თქმით, მსგავსი საკითხებით არასდროს ყოფილა დაკავებული.მისი განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილისთვის სხვა პირის მეშვეობითაც არასდროს არაფერი შეუთვლია.
„წერილი გამოგზავნაო ხომ თქვა? რა შევუთვალე? წერილში რა ეწერა, იცით თქვენ? წაკითხული გაქვთ ეს წერილი? მივყვეთ ლოგიკას. ახლა თავისუფლად საუბრის საშუალება მაქვს. მისი მხარდამჭერის პოზიციიდან არის წერილი დაწერილი, მამუკა მდინარაძის რანაირად შეიძლება რომ ყოფილიყო? სად არის ლოგიკა, აბა მითხარით. „ჩვენ ორი გზა გვაქვს“ და რაღაცები ეწერა, ან „უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე“- მამუკა მდინარაძე წერდა ვიბრძოლოთ ბოლომდეო? თქვენ სერიოზულად უყურებთ ამ საკითხს? არავისთვის არასდროს გამიგზავნია წერილი. პირდაპირ გეუბნებით, მსგავსი საკითხებით მე არასდროს ვყოფილვარ დაკავებული.
არ ვიცი რატომ საუბრობს, ზედაპირული ვარაუდი შეიძლება გამოვთქვათ, რომ მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც ერთი წამით კორუფციასთან ბრძოლაში უკან არ დახეულა, თუკი ვინმე განაწყენებულია იმაზე, რომ სუს-ი ვიღაცას კორუფციულ დანაშაულზე აკავებდა მაშინ, როცა მამუკა მდინარე სუს-ის უფროსი იყო, შეიძლება ამასაც მივაწეროთ, მაგრამ ამაში დარწმუნებული არ ვარ, რომ მაინც და მაინც ასე იყო. შეიძლება ვიღაცას მამუკა „დაბალ ღობედ“ მოეჩვენა მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე აღარ იყო. აწი, შეიძლება უარესი თქვან და ასე შემდეგ, მაგრამ ერთ-ერთ ზედაპირულ ვარაუდად შეგვიძლია ესეც გამოვთქვათ“,-განაცხადა მდინარაძემ.
მან განმარტა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაფერი გააკეთა.
„კორუფციის წინააღმდეგაა ბრძოლაში ჩემი გავაკეთე, იქიდან სხვა თანამდებობაზე გადავედი. მიმაჩნია, რომ სადაც საჭირო იყო, ყოველთვის იქ ვიყავი“,- განაცხადა მდინარაძემ.