ვინაიდან ვერაფერში იმარჯვებენ, ერთადერთი, რაც რჩებათ, არის სხვის გადაწყვეტილებებზე პარაზიტირება და ამის საკუთარ გამარჯვებად გამოცხადება - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არის ერთჯერადი ხასიათის, რომელიც მნიშვნელოვანია, რათა უმაღლესი განათლების რეფორმა მიმდინარეობდეს ისე, რომ, უპირველეს ყოვლისა, სტუდენტზე იყოს ორიენტირებული.
მისივე თქმით, ოპოზიცია სხვის გადაწყვეტილებებზე პარაზიტირებს.
„ზოგადად, ვინაიდან ვერაფერში იმარჯვებენ, ერთადერთი, რაც რჩებათ, არის სხვის გადაწყვეტილებებზე პარაზიტირება და ამის საკუთარ გამარჯვებად გამოცხადება. არ ვიცი, რა შეჯიბრში ან რა დაპირისპირებაში იყვნენ და რაში გაიმარჯვეს საერთოდ. ჩვენ ვახორციელებთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რეფორმას, როგორც ზოგადი განათლების, ისე უმაღლესი განათლების. უმაღლესი განათლების ამ მასშტაბურ და საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რეფორმას სჭირდება ყოველდღიური დაკვირვება და შესაბამისი ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ეს იყო, რაც გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, განათლების მინისტრმა, როდესაც, გამოცდების, ჩარიცხვების შედეგებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით დაიშვა მეორადი ჩარიცხვები. აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს ლახავდნენ, მაგრამ ვერ ირიცხებოდნენ, ყოველ წელს არის რამდენიმე ასეული, ათასამდე, სხვადასხვა რაოდენობის. ყოველთვის არიან აბიტურიენტები, რომლებმაც, მართალია, გადალახეს, მაგრამ ვერ მოხვდნენ იმ უნივერსიტეტებში, რომლებიც მათი არჩევანი იყო, რადგან სხვებს უკეთესი შედეგები ჰქონდათ და, უპირველეს ყოვლისა, ისინი ირიცხებიან. ეს ყოველთვის არის და მომავალშიც იქნებიან ადამიანები, რომელთა არჩევანიც არ დაემთხვევა მის გამოცდების შედეგებს. ესეც ნაწილია გამოცდებისა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პროცესისა. ასე იყო წარსულშიც, ყოველთვის იყო და იქნება, რა თქმა უნდა, უბრალოდ ამ შემთხვევაში, ვინაიდან მოხდა ახლებურად პროგრამების გადანაწილება უნივერსიტეტებს შორის, აქ, შესაძლოა, აბიტურიენტებს ჰქონოდათ გარკვეული დაბნეულობა, რომელი აერჩიათ და ა.შ. აქედან გამომდინარე, მიეცათ შესაძლებლობა, მეორადი ჩარიცხვის პროცესში დაფიქრდნენ თავიანთ არჩევანზე და უნივერსიტეტის შერჩევაზე, სადაც შეიძლება არსებობდეს კიდევ თავისუფალი ადგილები და ეს არჩევანი გააკეთონ. ასე რომ, ეს არის გამონაკლისი, ერთჯერადი ხასიათის გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია, რათა უმაღლესი განათლების რეფორმა მიმდინარეობდეს ისე, რომ, უპირველეს ყოვლისა, იყოს სტუდენტზე ორიენტირებული. გარკვეულმა გარემოებამ თუ მათთვის შეიძლება, დაბნეულობა გამოიწვიოს, ამ მხრივ მივცეთ შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, უნივერსიტეტთან დაკავშირებით თავიანთი გადაწყვეტილება შეასწორონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს, გამონაკლისის სახით, წელს ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ექნებათ.