Politics
    2026-09-01 | 10:21

    დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

    დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

    საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას დღეს გახსნის.

    პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.

    31 აგვისტოს, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების დაწყებამდე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

    პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს საშემოდგომო სესიის დაწყება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

    მისი თქმით, საშემოდგომო სესიის ფარგლებში არაერთი საკანონმდებლო სიახლის განხილვა იგეგმება.

    „მიმდინარე კანონპროექტებთან ერთად, ასევე შემუშავების პროცესშია სხვადასხვა დიდი რეფორმა. შესაძლებლობა გვაქვს, საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიები იმისთვის გამოვიყენოთ, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივების მიღებაზე ვიმუშაოთ. პარლამენტის კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების მნიშვნელოვანი ვიზიტები იგეგმება. შესაბამისად, საშემოდგომო სესიის პერიოდი უნდა გამოვიყენოთ, რათა საპარლამენტო დიპლომატიის ტემპები შევინარჩუნოთ. რაც შეეხება საკომიტეტო საქმიანობას, მისასალმებელია, რომ ზაფხულის პერიოდი კომიტეტებმა რეგიონებში შეხვედრებისა და გასვლითი სხდომებისთვის გამოიყენეს. კომიტეტებს ამ მიმართულებითაც ყოველგვარი მხარდაჭერა აქვთ პარლამენტისა და პარლამენტის თავმჯდომარისგან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.