პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა ხელისუფლების მხრიდან პრობლემებისგან გაქცევის მცდელობაა - ლანა გალდავა
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლანა გალდავა აცხადებს, რომ სასჯელების გამკაცრება და პენიტენციურ დაწესებულებებში ლიმიტების ზრდა კრიმინალის პრევენციის კუთხით ხელისუფლების უსუსურობის გადაფარვის მცდელობაა.
როგორც გალდავამ აღნიშნა, დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლისთვის მთავარი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაა და არა მხოლოდ სასჯელების გამკაცრება.
„სასჯელების გამკაცრება და პენიტენციურ დაწესებულებებში ლიმიტების ზრდა „ქართული ოცნების“ მხრიდან პრობლემებისგან გაქცევის მცდელობებია. თუ სახელმწიფო რეალურად იბრძვის კრიმინალის წინააღმდეგ, საჭიროა დანაშაულის პრევენცია. ამის შემდეგ მიღებული ზომები არის იმ უსუსურობის გადაფარვა, რაც ხელისუფლებას, ზოგადად, კრიმინალის პრევენციის თვალსაზრისით ახასიათებს“, - განაცხადა გალდავამ.
მისივე თქმით, „ლელო - ძლიერი საქართველო“ ფართომასშტაბიანი ამნისტიის აუცილებლობას კვლავ მიიჩნევს, თუმცა ამნისტიის პროცესი სამართლიანობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების პრინციპების დაცვით უნდა განხორციელდეს.
„ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება პოლიტიკური პროცესის დაძვრა და პოლიტიკური შერიგება. ადამიანები, რომლებიც დღეს პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფებიან, როგორც მსჯავრდებულები, ასევე ისინი, ვინც არასაპატიმრო სასჯელს იხდიან, კიდევ ერთხელ მიეცემათ შანსი, დაუბრუნდნენ ცხოვრებას, მოხდეს რეალური რესოციალიზაცია და ისინი იყვნენ ღირსეულ პირობებში“, - აღნიშნა გალდავამ.
მისი განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში გადატვირთულობა პატიმრებს შესაბამისი სერვისების მიღების შესაძლებლობას უზღუდავს და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევის რისკს ზრდის.
„პატიმარი, რომელიც გადატვირთულობის რეჟიმში იმყოფება, არის სერვისებისგან ჩამოშორებული. ყველა ადამიანის მიმართ ირღვევა ის საერთაშორისო სტანდარტი, რაც დაწესებულია პენიტენციურ დაწესებულებებში და ამიტომ ისინი საჭიროებენ ღირსეულ პირობებს“, - განაცხადა ლანა გალდავამ.