სამხედრო სამსახურში გაწვევის წესი შეიცვალა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სამხედრო სამსახურში გაწვევის წესი შეიცვალა. შესაბამისი დადგენილება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.
მთავრობის დადგენილების თანახმად, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით თუ ვერ ხერხდება უწყების ჩაბარება, დოკუმენტი სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება და გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება.
ამასთან, პირი ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში.
„თუ პირი უარს აცხადებს შეტყობინების/უწყების ჩაბარებაზე, შეტყობინებაზე/უწყებაზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და უბრუნდება სააგენტოს. ასეთ შემთხვევაში შეტყობინება/უწყება ჩაბარებულად ითვლება.
პირის გამოძახების შესახებ შეტყობინება/უწყება ჩაბარებულად ითვლება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანი პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრი ჩაიბარებს შეტყობინებას/უწყებას ან უარს განაცხადებს მის მიღებაზე. შეტყობინების/უწყების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინებაზე/უწყებაზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და უბრუნდება სააგენტოს.
თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმით გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება ან, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი არ განხორციელდა 2 სამუშაო დღის ვადაში, ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, სააგენტო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა აქვეყნებს გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას, რომელიც ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში“, – ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.