Commentary
    2026-09-02 | 15:24

    გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილზე: აბსურდია, რასაც ამტკიცებს – ვფიქრობ, სურს რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს

    გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილზე: აბსურდია, რასაც ამტკიცებს – ვფიქრობ, სურს რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს

    პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მსჯავრდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ღარიბაშვილის არგუმენტები „სუსტი და აბსურდულია“.

    ვოლსკის შეფასებით, არ არის გამორიცხული, ღარიბაშვილი ფიქრობდეს, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირებითა და რევოლუციურ პროცესებში ჩართვით მომავალში გარკვეული „დივიდენდის“ მიღებას შეძლებს.

    „აბსურდია, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს და იმდენად სუსტი არგუმენტებია, რომ ვერ წარმომიდგენია, რომ ეს მის თავში დაიბადა. ვფიქრობ, სურს რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს, რათა რევოლუციის შემდეგ, იქნებ რაღაც დივიდენდი მიიღოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

    მისივე თქმით, ღარიბაშვილის წერილს, შესაძლოა, ორი მიზანი ჰქონდეს – თავის დაცვა და პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება, ასევე იმ ხელისუფლებისთვის ზიანის მიყენება, რომლის ლიდერიც თავად იყო.

    „რაც შეეხება კითხვას, თუ რას ემსახურება წერილი, ამას, ალბათ, ორი მიზეზი აქვს. ერთი, რომ თავი დაიცვას და პოლიტიკური ქოლგის ქვეშ აღმოჩნდეს, და მეორე ის, რომ რაც შეიძლება მეტი ზარალი მიაყენოს იმ ხელისუფლებას, რომლის ლიდერი ერთი პერიოდი შენ თვითონ იყავი, მაგრამ დღეს სააშკარაოზე გამოგიყვანა როგორც დამნაშავე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

    პირველი ვიცე-სპიკერი ასევე გამოეხმაურა წერილში გაჟღერებულ თემას ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ, მისი თქმით, ამ შემთხვევას არსებულ ვითარებასთან კავშირი არ აქვს.

    „ადამიანმა რომ თავი მოიკლა, დადასტურებულია, სამწუხაროა, მაგრამ არავითარი კავშირი ამ ვითარებასთან არ შეიძლება ჰქონდეს. ეს ყველასთვის ცნობილია. აქედან გამომდინარე, ამ თემების გამოყენება, წამოწევა, ჩემთვის ძალიან დიდ სინანულს უკავშირდება, მაგრამ ამავე დროს არ აქვს არანაირი ფასი – არც პროპაგანდისტული თვალსაზრისით და მით უმეტეს, არც სამართლებრივად არანაირ კონტექსტში არ ჯდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

    მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, ღარიბაშვილი ვინმეს მიერ იყოს შეცდომაში შეყვანილი და მიაჩნდეს, რომ მსგავსი განცხადებები ქვეყანაში რევოლუციური პროცესების განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც საბოლოოდ მისთვისაც გარკვეული სარგებლის მომტანი იქნება.

    „შეიძლება ვიღაც ჰპირდება, რომ თუკი იგი ამ მიმართულებით გააგრძელებს თავის ბრძოლას, ეს დაეხმარება ქვეყანაში რევოლუციური პროცესის განვითარებას და შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი აქედან რაღაც დივიდენდს მიიღებს – პოვებს თავისუფლებას და დაივიწყებენ იმ დანაშაულს, რომელიც რეალურად აქვს ჩადენილი. მე ამას ვუშვებ, რომ ვიღაცამ დაარწმუნა, რომ ეს გზა შეიძლება მისთვის იყოს სტრატეგიულად გამართლებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.

    მისი თქმით, შესაძლოა, ღარიბაშვილს მსგავსი სტრატეგიის არჩევა მრჩეველმა ან სხვა პირმა ურჩია.

    „ალბათ, ვიღაცამ უთხრა, ნაცვლად იმისა, რომ ახსნა, ეს სიმდიდრე საიდან, რატომ, რა გზით მოიპოვა, შეტევაზე გადადი. ან შეიძლება, მის თავში ჩამოყალიბდა ეს სტრატეგია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

    გია ვოლსკის შეფასებით, არსებული ვითარება ემოციურად ყველაზე რთულად გადასატანი, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის იყოს.

    „მე ვფიქრობ, ემოციურად ყველაზე რთულად გადასატანი ეს მაინც ბიძინა ივანიშვილისთვის არის, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანისთვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.