Politics
    2026-09-03 | 14:00

    რატომ დუმს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, როდესაც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ტონობით უკანონო საწვავი შედის - ბესო შენგელია

    რატომ დუმს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, როდესაც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ტონობით უკანონო საწვავი შედის - ბესო შენგელია

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ბესო შენგელიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ოფისთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უწყებასა და მის თავმჯდომარეს, გიორგი ჯინჭარაძეს, უნდა ჰქონდეთ პასუხი კითხვაზე, რატომ დუმან, როდესაც, მისი თქმით, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ტონობით უკანონო საწვავი შედის.

    შენგელიას განცხადებით, აღნიშნული საკითხი მხოლოდ კონტრაბანდას არ ეხება და, მისი შეფასებით, სეპარატისტულ რეჟიმსა და რუს ოკუპანტებთან დანაშაულებრივ თანამშრომლობას წარმოადგენს.

    „დღეს მოვედით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ოფისთან, რადგან გვაქვს ერთი პირდაპირი და პრინციპული კითხვა: რატომ დუმს ეს უწყება და მისი თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, როდესაც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ტონობით უკანონო საწვავი შედის? ეს არ არის უბრალოდ კონტრაბანდა, ეს არის სეპარატისტებთან და რუს ოკუპანტებთან პირდაპირი, დანაშაულებრივი თანამშრომლობა.

    საწვავი, რომელიც აქედან შედის, პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო რეჟიმს. იმ რესურსს, რომელსაც მათ აწვდით, ხვალ ისევ ქართველების, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებენ“, – განაცხადა შენგელიამ.

    მისი თქმით, ამ სქემაში, მისივე ბრალდებით, ჩართული არიან რუსული „როსნეფტი“, სეპარატისტული „აფხაზტოპი“, სეპარატისტი ოსგანები, არძინბას ოჯახი, ასევე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები.

    ბესო შენგელიამ ასევე ისაუბრა ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებზე და განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის მიმართ არსებული ბრალდებების ფონზე, მსგავსი გარიგებები მისთვის გასაკვირი აღარ არის.

    „ვინც საკუთარ ჯარს პარავს, ის არც ოკუპანტთან და სეპარატისტებთან ფინანსურ გარიგებებს მოერიდება“, – განაცხადა შენგელიამ.

    მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისგან აღნიშნულ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებას და, მისივე შეფასებით, დანაშაულებრივი ფაქტის აღკვეთის მოთხოვნას ელოდება.

    ბრიფინგზე შენგელიამ გიორგი ჯინჭარაძისთვის ძველი საწვავის ავზი, ე.წ. რუსული კანისტრა მიიტანა და განაცხადა, რომ იგი, მისი შეფასებით, ოკუპანტთან კორუფციული თანამშრომლობის სიმბოლოს წარმოადგენს.

    „ეს საწვავის ავზი გადმოგეცემათ საჩუქრად, რათა იცოდეთ: ბენზინში სამშობლო არ იცვლება, ოკუპანტებისგან მიღებულ ფულზე საქართველო არ იყიდება და ღალატით ქვეყანა ვერ გამთლიანდება! დაუყოვნებლივ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, მოითხოვეთ ამ დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი ფაქტის აღკვეთა!“ – განაცხადა შენგელიამ.

    „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბრიფინგის გამართვამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ბესო შენგელიას შეხვდა.