Politics
    2026-09-03 | 17:04

    ღარიბაშვილის პოსტს მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივი და დეზინფორმატორები აჰყვნენ - ნინო წილოსანი

    ღარიბაშვილის პოსტს მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივი და დეზინფორმატორები აჰყვნენ - ნინო წილოსანი

    პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის განცხადებით, პროკურატურის მხრიდან განხორციელებულმა სამართლებრივმა რეაგირებამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ პოსტს აჰყვნენ, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ.

    როგორც წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნულმა საკითხმა, მისი შეფასებით, პოლიტიკური აჟიოტაჟი გამოიწვია.

    „პროკურატურის მხრიდან სწორმა სამართლებრივმა რეაგირებამ მოგვცა სურათი, რომ თითოეული ის ადამიანი, რომელიც აჟრიამულდა და აჰყვა ღარიბაშვილის პოსტს, თავის მხრივ იტყუებოდა. ახლა ერთი მეორეზე აკეთებენ განცხადებებს, რომ ამ თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ. დაკითხვაზეც, ალბათ, კიდევ ერთხელ უარყოფენ, რომ რაიმე დამატებითი, სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ.

    სამწუხაროა, რომ მთლიანად ეს აჟიოტაჟი და გვარამიების თუ ჟორჟოლიანების მაგვარი დეზინფორმატორების ჟრიამული გამოიწვია ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ და იმ პროვოკაციულმა განცხადებებმა, რომელმაც მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივი აჟრიამულა.

    პროკურატურის მხრიდან ასევე მოგვეწოდა ინფორმაცია, რომ თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახის წევრები, ახლობლები და ყველა არსებული მტკიცებულება ერთ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. თუმცა, როგორც ჩანს, ვიღაცისთვის ეს ხელსაყრელი მომენტია, რომ გარკვეული პოლიტიკური დაზიანება მიაყენოს და დისკრედიტაცია გაუკეთოს როგორც პროკურატურას, ისე მთლიანად ხელისუფლებას.

    უზომოდ სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილის პოსტმა გამოხმაურება მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებსა და ისეთ დეზინფორმატორებში ნახა, როგორებიც გვარამია, ჟორჟოლიანი და მათი თანამოაზრეები არიან. როგორც ჩანს, ახლა ერთ თამაშს თამაშობენ. რაც მთავარია, ნიკა გვარამია ღარიბაშვილს აგულიანებდა: „ატკინე, დააზიანე მაინცო“ - ალბათ, ამ ხაზის გაგრძელება იყო ეს პოსტიც და შემდგომი პოსტებიც.

    სამწუხაროა, რომ გვარამიას რჩევებს აჰყვა ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი. იმის მიუხედავად, რაოდენ ნაწყენიც ან გაბრაზებულიც არ უნდა იყოს თავისი გადმოსახედიდან, ჩემთვის მაინც მიუღებელია, რომ „ნაცმოძრაობის“ ნარატივზე დაჯდეს ვინმე“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

    ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც კითხვას სვამს, რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი. ღარიბაშვილის განცხადებით, საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც, მისი თქმით, ადგილი კობახიძე-მდინარაძის მმართველობის პერიოდში ჰქონდა.

    დღეს კი პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი დაადასტურა. ამასთან, მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ზაზა დავითაია, ერმილე ნემსაძე და გიორგი გიგაური.