Politics
    2026-09-04 | 13:23

    კობახიძემ საზოგადოება მოატყუა, ახლა კი ხელისუფლება ავტომფლობელებისთვის ახალი ხარკის შემოღებას გეგმავს - ლაშა ფარულავა

    კობახიძემ საზოგადოება მოატყუა, ახლა კი ხელისუფლება ავტომფლობელებისთვის ახალი ხარკის შემოღებას გეგმავს - ლაშა ფარულავა

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, ირაკლი კობახიძე საზოგადოებას ფასების გაიაფებას დაჰპირდა, თუმცა, მისი თქმით, იანვრიდან აგვისტომდე ფასები თითქმის 40%-ით გაიზარდა.

    როგორც ფარულავამ განაცხადა, ხელისუფლება შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად ავტომფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას გეგმავს.

    „ირაკლი კობახიძემ საზოგადოება მოატყუა, რომ ფასები გაიაფდებოდა, 86%-იანი ფასნამატი და კორუფციული წილი გაქრებოდა. მაგრამ რა მივიღეთ? ფასები კი არ შემცირდა, არამედ იანვრიდან აგვისტომდე თითქმის 40%-ით გაიზარდა.

    ახლა კი, იმის ნაცვლად, რომ „ოცნებამ“ და ირაკლი კობახიძემ ამ ტყუილსა და ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა აიღონ, პირიქით – ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ხალხისთვის კიდევ ერთი ახალი ხარკის შემოღებას გეგმავს: ავტომფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევას.

    ეს არის საბანკო ოლიგარქიას ამოფარებული სადაზღვევო ბიზნესისა და „ოცნების“ კორუფციული შეთანხმება, რომლის საფასურიც ისევ ავტომფლობელებმა უნდა გადაიხადონ. მსგავსი კორუფციული სქემა საქართველოში ვარდების რევოლუციამდეც მოქმედებდა. მიხეილ სააკაშვილმა ეს სისტემა გააუქმა და ხალხის ძარცვა შეწყდა. დღეს კი „ოცნება“ იმავე პრაქტიკის დაბრუნებას ცდილობს. შევარდნაძის „დაზღვევა“ ბრუნდება“, – განაცხადა ფარულავამ.

    მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტი მთავრობის საკანონმდებლო გეგმიდან ამოღებულ იქნეს.

    „მოვითხოვთ, შეჩერდეს ეს პროცესი და სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტი ამოღებულ იქნეს მთავრობის საკანონმდებლო გეგმიდან.

    იგივე უნდა ითქვას ტექდათვალიერებაზეც. ამ ფორმითა და შინაარსით არსებული ტექდათვალიერება ბუტაფორიაა და ხალხის ძარცვის მექანიზმად არის ქცეული. მანქანის ტექნიკური გამართულობა აუცილებელია, მაგრამ მოქალაქის ძარცვა – არა.

    „ნაციონალური მოძრაობა“ პირველივე შესაძლებლობისთანავე გააუქმებს ამ ფორმით არსებულ ტექდათვალიერებას. ჩვენ ასევე გავანახევრებთ საწვავზე აქციზის მოსაკრებელს, რათა საწვავი გაიაფდეს, და დავშლით ელექტროენერგიის ტარიფში არსებულ კარტელურ და კორუფციულ სქემას.

    ქართულ საზოგადოებას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ხალხის ჯიბეს კი არ ძარცვავს, არამედ ხალხის ცხოვრებას აიაფებს. ერთად მოვიშოროთ კორუფციული, კრიმინალური და ქურდული „ოცნება“ და დავიწყოთ ქვეყნის მართვა მოქალაქის ინტერესებიდან“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.