Politics
    2026-09-07 | 15:02

    „ქართულ ოცნებაში“ ღარიბაშვილის საკითხთან დაკავშირებით შიდა ძალთა დაპირისპირება მიმდინარეობს - ირაკლი მელაშვილი

    „ქართულ ოცნებაში“ ღარიბაშვილის საკითხთან დაკავშირებით შიდა ძალთა დაპირისპირება მიმდინარეობს - ირაკლი მელაშვილი

    ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული წერილები და მის გარშემო მიმდინარე პროცესები, შესაძლოა, „ქართულ ოცნებაში“ არსებული შიდა დაპირისპირების გამოხატულება იყოს.

    როგორც მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ძველი გუნდისთვის კვლავ სანიშნო ფიგურაა, ხოლო პარტიაში შესაძლოა არსებობდნენ ძალები, რომლებსაც მმართველი პარტიის შენარჩუნება ირაკლი კობახიძის ჩამოშორების გზით სურთ.

    „ვფიქრობ, პრობლემა თვითონ „ოცნებაშია“ და იმ ადამიანებში, რომლებიც „ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ და არ აწყობთ ის, რასაც კობახიძე აკეთებს. ვიღაცას „ქართული ოცნების“ გადარჩენა სურს კობახიძისგან“, – განაცხადა მელაშვილმა.

    მისივე შეფასებით, ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები პოლიტიკურ საკითხებს ნაკლებად ეხება და ძირითადად კონკრეტული პირების წინააღმდეგ სამართლებრივ ბრალდებებს მოიცავს.

    „კარგად არის დაგეგმილი. ეს მარტო ღარიბაშვილის წერილები არ არის, ეს გარკვეული მედიარესურსების აქტიური ჩართულობაა კობახიძის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.