ვარაუდებზე აბლაბუდის გაბმა ხდება, კონსპირაციებში არიან ჩაძირული და ჩაფლული, „ნაცები“ კი ობობის საცეცები არიან - ლევან მახაშვილი
რა მძიმე დანაშაულებრივ რეჟიმთან გვქონდა საქმე, ეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობისას მოვისმინეთ, ასე რომ, ვინმე თუ არის მკვლელი, ხალხმა კარგად იცის, ვისზეა საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„ქართული პოლიტიკური რეალობისთვის ახალი არაფერია – ვარაუდებზე აბლაბუდის გაბმა ხდება, კონსპირაციებში არიან ჩაძირული და ჩაფლული, „ნაცები“ კი ობობის საცეცები არიან. ჩემი შენ გითხარიო – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მმართველობაზე სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ მათ შექმნილი ჰქონდათ წამების სისტემა ციხეებში, ქუჩებში ასობით ახალგაზრდა ჰყავთ ჩაცხრილული. ამიტომ ცივი წყალი დალიონ, ვიდრე ხელს სხვისკენ გაიშვერენ და „ქართულ ოცნებას“ ასეთ მძიმე ბრალდებებს დააბრალებენ. რა მძიმე დანაშაულებრივ რეჟიმთან გვქონდა საქმე, ეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობისას მოვისმინეთ. ასე რომ, თუ ვინმეა მკვლელი, ხალხმა კარგად იცის, ვისზეა საუბარი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა: „მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, ვინმე თუ უნდა დაკითხოთ გახმაურებულ მკვლელობებზე, უნდა დაკითხოთ მისი მთავარი დამკვეთი – ბიძინა ივანიშვილი“.