Commentary
    2026-09-10 | 10:03

    თამაზ ელიზბარაშვილი, როგორც მოშიმშილე, იმყოფება არა სამარტოო, არამედ  მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში,  რასაც ითვალისწინებს პენიტენციური დაწესებულების შინაგანაწესი - სპეციალური პენიტენციური სამსახური

    თამაზ ელიზბარაშვილი, როგორც მოშიმშილე, იმყოფება არა სამარტოო, არამედ  მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში,  რასაც ითვალისწინებს პენიტენციური დაწესებულების შინაგანაწესი - სპეციალური პენიტენციური სამსახური

    სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თამაზ ელიზბარაშვილი, როგორც მოშიმშილე, იმყოფება არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში, რასაც ითვალისწინებს პენიტენციური დაწესებულების შინაგანაწესი.

    „სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს ელიზბარაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში სამარტოო საკანშია გადაყვანილი. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ თამაზ ელიზბარაშვილი, როგორც მოშიმშილე, იმყოფება არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში,  რასაც ითვალისწინებს პენიტენციური დაწესებულების შინაგანაწესი.
    ამასთან, ვინაიდან ბრალდებული სამართალდამცავი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელია, იგი იმყოფება ფლიგელში, სადაც სასჯელს იხდიან სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლები და რადგან ამ ეტაპზე  №8 პენიტენციურ დაწესებულების ამ ფლიგელში მყოფი პირებიდან სხვა არავინ შიმშილობს, ბრალდებული ელიზბარაშვილი მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში იმყოფება მარტო“, – ნათქვამია განცხადებაში.

    ამასთან, პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ბრალდებულს, პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებისთანავე, ჩაუტარდა ყველა შესაბამისი გამოკვლევა.

    „ამჟამადაც, როგორც მოშიმშილე, სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და, საჭიროების შემთხვევაში, მას გაეწევა სათანადო მომსახურება. ამასთან, იგი უზრუნველყოფილია ქრონიკული დაავადების სამკურნალო შესაბამისი მედიკამენტით და მიიღებს მას დანიშნულებისამებრ. გარდა ამისა, ბრალდებული საკანში უზრუნველყოფილია ჰაერის გამაგრილებლით  – ე.წ. ვენტილატორით. შესაბამისად, სიცრუეა მისი უფლებადამცველის განცხადება, თითქოს ბრალდებულს დასახელებული ნივთი არ აქვს. რაც შეეხება ტელევიზორით სარგებლობის საკითხს, აღნიშნული ნივთი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემთხვევაში, თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა უნდა შეიძინოს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში, დადგენილი წესის შესაბამისად. სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ დაზუსტებული, ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია“ , – ნათქვამია განცხადებაში.