ღმერთო დიდებულო! ეს რა ვნახე?! - იოსებ ჭუმბურიძე
პუბლიცისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ღმერთო დიდებულო!
ეს რა ვნახე?!
***
პირველი კლასის სახელმძღვანელო.
არავითარი იაკობ გოგებაშვილი.
არავითარი „დედა ენა".
წიგნს აწერია:
„ქართული
წინასაანბანო
მოსწავლის რვეული
პირველი ნაწილი"
გარეკანზე ნახატია:
გოგონას ხელში წიგნი უჭირავს.
წიგნს „დედაენა" აწერია და არა „დედა ენა".
ავტორი, ანუ იაკობ გოგებაშვილი იქაც არ ჩანს.
***
წიგნშიც ჩავიხედოთ.
პირველკლასელი სკოლაში მიდის.
წერა-კითხვა უნდა ისწავლოს.
ჯერ ანბანია შესასწავლი.
მაგრამ ეს წინასაანბანოა.
კეთილი, მაგრამ რას გულისხმობს წინასაანბანო?
პირველკლასელს პირველსავე გაკვეთილზე ასეთ დავალებას აძლევენ:
„გაიხსენე, რას გრძნობდი, სკოლაში პირველად რომ მოხვედი. მზის გულში ჩახატე შესაბამისი ხატულა".
***
განსაცვიფრებელი ამბავია:
პირველკლასელს პირველსავე დღეს ამას ეკითხებიან?!
ეს კიდევ არაფერი.
მომდევნო დავალება ვნახოთ.
მძივი დაუხატავთ.
„გააფერადეთ მძივის იმდენი მარცვალი, რამდენი მარცვალიცაა თქვენს სახელში".
ტავტოლოგიაზე თვალი დავხუჭოთ და მთავარი ვიკითხოთ:
სკოლაში ორი დღის მისულმა პირვეკლასელმა იცის, მარცვალი რა არის?!
ეს ჯერ ვინმემ ასწავლა?!
მომდევნო გაკვეთილი:
„დილა ტყეში".
ნახატებზე ვხედავთ ნიორს, კუს და ლოკოკინას.
დავალება:
„დააკვირდით ნიმუშებს. სურათების ქვეშ ჩახატეთ იმდენი რკალი, რამდენი მარცვალიც აქვს შესაბამის სიტყვას".
ისევ მარცვალი?!
და ნიორი ტყეში?!
ღმერთო დიდებულო?!
***
საჭიროა გაგრძელება, ამ „წინასაანბანოს" უვარგისობა რომ დავიჯეროთ?!
***
ვისი შექმნილია ეს „წინასაანბანო?"
ავტორები:
თამარ ჯაყელი, თამარ მახარაძე, ზურაბ ვახანია, ვერიკო სომხიშვილი, ნანა ბურძენაძე.
ხუთი ავტორის „შემოქმედება".
სიბნელე ტყეში!
***
ამათგან მხოლოდ ვახანიას ვიცნობ.
უფრო ზუსტად, მის(?!) მას კი არა, მის „დედა ენას", რომლითაც ოტია იოსელიანი განსაკუთრებით იყო აღშფოთებული.
იქ ასეთი ტექსტები იყო: „ვირთხის ხახა შავია"...
***
თოთხმეტი წელია, საქართველოში ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს ბრალდება.
დარწმუნებული ვარ, ამასაც მას დააბრალებენ!
***
ღმერთო დიდებულო!..
***
მთავარი:
იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ქართულ სკოლაში ანბანი და წერა-კითხვა მხოლოდ ამ დიადი წიგნით უნდა ისწავლებოდეს.
ალტერნატივა დაუშვებელია.
ეს კანონის მოთხოვნაა”.