Politics
    2026-09-15 | 12:24

    თბილისში 284 სკოლიდან 38 სასწავლო წელს საკუთარ შენობაში ვერ იწყებს - ნიკა ჩერქეზიშვილი

    თბილისში 284 სკოლიდან 38 სასწავლო წელს საკუთარ შენობაში ვერ იწყებს - ნიკა ჩერქეზიშვილი

    „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, თბილისში 284 საჯარო სკოლიდან 38 სასწავლო წელს საკუთარ შენობაში ვერ იწყებს, რაც, მისივე თქმით, დაახლოებით 20 000 მოსწავლეს ეხება.

    ჩერქეზიშვილის განცხადებით, მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის 2026 წელს 4.8 მილიონი ლარის ტენდერებია გამოცხადებული, ხოლო ბოლო წლებში ამ მიზნით დახარჯულმა თანხამ 50 მილიონ ლარს გადააჭარბა.

    მისი თქმით, ერთ-ერთი პრობლემური სკოლა თბილისის მე-14 საჯარო სკოლაა, სადაც სასწავლო პროცესი უკვე მეხუთე წელია შეწყვეტილია.

    „მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეები დაჰყავთ კილომეტრების მოშორებით, სადაც ისინი სწავლობენ მეორე ცვლაში, შეზღუდული საგაკვეთილო დროით. ხუთი წლის განმავლობაში ეს მოსწავლეები ვერ დადიან სპორტზე, საგანმანათლებლო წრეებზე, უცხო ენებზე და მუსიკაზე და ამ შესაძლებლობებს კარგავენ“, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

    მისივე თქმით, მე-14 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა, რაც, მისი შეფასებით, ნიშნავს, რომ სკოლა ტერიტორიაზე შესაძლოა კიდევ 4-5 წლის განმავლობაში ვერ ამოქმედდეს.

    ჩერქეზიშვილის განცხადებით, მსგავსი პრობლემა თბილისში კიდევ 38 სკოლას აქვს. მისივე თქმით, ნაძალადევის რაიონში პრობლემურ სკოლებს შორისაა მე-4, მე-10, მე-11 და 113-ე საჯარო სკოლები, ხოლო მე-13 და მე-15 სკოლების შენობებში დევნილები არიან შესახლებული და სკოლებს საგანმანათლებლო ფუნქცია დაკარგული აქვთ.

    „დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აქვს მმართველობითი კრიზისი და ეს მმართველობითი კრიზისი ყველაზე მძაფრად ჩანს სწორედ განათლების სისტემაში. ამიტომ, უნდა დადგეს მინისტრიდან დაწყებული, განათლების სამინისტროს ყველა მაღალჩინოსნით დამთავრებული, იმ პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც განათლების სისტემა კოლაფსამდე მიიყვანეს“, - განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.