„ოცნების“ ყველა ლიდერმა საკუთარ თავს მოჰკითხოს, საკუთარ თავს დააბრალოს, რატომ დგება დღეს დღის წესრიგში მათი პერსონალური დასანქცირების საკითხი - გიორგი შარაშიძე
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წინსვლა არ ექნება.
როგორც შარაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნისთვის ევროპარლამენტის რეზოლუციებს „ჩალის ფასი“ ვერ ექნება.
„თუ ქვეყანას მცირედით მაინც აქვს პოლიტიკური ნება, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში, რაც არის ჩვენი კონსტიტუციით უზრუნველყოფილი ვალდებულება, როგორ წარმოგიდგენიათ, რატომ შეიძლება იყოს მაშინ ამ ქვეყნისთვის ჩალის ფასის მქონე იმ ორგანიზაციის რეზოლუციები, რომელში გაწევრიანებისკენაც მიისწრაფვის საქართველო?
ამიტომ ეს ყველაფერი, თუნდაც მათი ეს შეფასება, რომ თურმე ჩალის ფასი აქვს ამ რეზოლუციებს, ადასტურებს იმას, რომ „ოცნების“ პირობებში, სანამ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, არანაირი წინსვლა, სამწუხაროდ, საქართველოს არ ექნება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა შარაშიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც, მისი შეფასებით, საქართველო ევროპული მომავლის კურსს დააშორა.
„„ოცნების“ ყველა ლიდერმა საკუთარ თავს მოჰკითხოს, საკუთარ თავს დააბრალოს, რატომ დგება დღეს დღის წესრიგში მათი პერსონალური დასანქცირების საკითხი. იმიტომ, რომ სწორედ ეს ადამიანები, მათ შორის პერსონალურად, არიან პასუხისმგებლები ევროპული მომავლის კურსიდან გადახვევაზე და ძალიან ბევრ სხვა დანაშაულზე. მათ ნუღარ უკვირთ, თორემ ჩვენ არავის დასანქცირება არ გვიხარია“, – განაცხადა შარაშიძემ.
მისივე თქმით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შემთხვევაში სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ უნდა იყოს მიმართული და პასუხისმგებლობა კონკრეტულ პირებს უნდა დაეკისროთ.
„რაც შეეხება ხალხის დასანქცირებას, ამაზე თავიდანვე ვამბობდით, რომ არცერთ შემთხვევაში, როდესაც უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე იყო საუბარი, ეს ქართველ ხალხს არ უნდა შეხებოდა და პირველ რიგში ის ინდივიდები უნდა დასჯილიყვნენ, ვინც თავად არიან დამნაშავეები საქართველოს ევროპული მომავლის კურსიდან გადახვევაში“, – აღნიშნა მან.
ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს რეზოლუცია – „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ“ – 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავი 97-მა ევროპარლამენტარმა შეიკავა.