რუსეთის ინიციატივებმა საქართველოს წინაშე ახალი დიპლომატიური გამოწვევები შექმნა - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთის მცდელობები, შეცვალოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი, საქართველოსგან აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის სამართლებრივი გარანტიები მოითხოვოს და თბილისი რეგიონული თანამშრომლობის ფორმატში „3+3“ ჩართოს, საქართველოსთვის მნიშვნელოვან დიპლომატიურ გამოწვევებს ქმნის. ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოებაზე და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ახალი მანდატის მიზნები და მისი კავშირი ჟენევის მოლაპარაკებებთან მკაფიოდ უნდა განმარტოს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიტორიების სამართლებრივად ჩამოშორებას.
ორგანიზაციის შეფასებით, კრემლის ბოლოდროინდელი ინიციატივები მოიცავს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სხვა, მოსკოვის შეფასებით, ნეიტრალურ ადგილას გადატანას, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის სამართლებრივი გარანტიების მოთხოვნას, ასევე საქართველოს ჩართვის მცდელობას რეგიონული თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატში.
ჟენევის მოლაპარაკებების ადგილის შეცვლის ინიციატივა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის, მიხაილ კალუგინის განცხადებით, მოსკოვი სოხუმთან და ცხინვალთან ერთად ცდილობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სხვა ადგილზე გადატანის შესახებ კონსენსუსის მიღწევას. რუსეთის მხარე ამის მიზეზად შვეიცარიის მიერ ნეიტრალიტეტის დაკარგვას ასახელებს.
ორგანიზაციის შეფასებით, საკითხი მხოლოდ მოლაპარაკებების გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას არ უკავშირდება. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელშიც მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი, აშშ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები. პროცესის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირი, გაერო და ეუთო.
დისკუსიები უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებს მოიცავს. ფორმატის მნიშვნელობას ზრდის ის გარემოება, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ხოლო კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოება, გადაადგილების თავისუფლება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება და სხვა ჰუმანიტარული საკითხები კვლავ მოუგვარებელია.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ჟენევის დისკუსიების ადგილის შეცვლა მხოლოდ ტექნიკურ საკითხად ვერ განიხილება. ორგანიზაციის პოზიციით, ნებისმიერი ცვლილება არ უნდა გახდეს მოლაპარაკებების პოლიტიკური საფუძვლის შეცვლის ან არსებული საერთაშორისო ფორმატის შესუსტების მიზეზი.
ძალის გამოუყენებლობის გარანტიები და საზღვრების საკითხი
ინსტიტუტის ცნობით, რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის სამართლებრივი გარანტიების მიღებისა და შესაბამისი შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზეც საუბრობს. ამასთან, კალუგინის განცხადებით, დღის წესრიგში დგას საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციისა და შემდგომი დემარკაციის საკითხიც.
ორგანიზაციის შეფასებით, აუცილებელია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი გამყოფი ხაზების საკითხი და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების სამართლებრივი სტატუსი.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის პოზიციით, ნებისმიერი მოლაპარაკება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს და არ უნდა ქმნიდეს სუვერენიტეტის შეზღუდვის ან ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის შეცვლის წინაპირობას.
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ ძალის გამოუყენებლობის საკითხის განხილვა ვერ იქნება მოწყვეტილი კონფლიქტის მთლიან კონტექსტს, მხარეთა პასუხისმგებლობას, საერთაშორისო სამართალსა და უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს.
რუსეთის მცდელობა, რეგიონული დღის წესრიგი გააძლიეროს
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, მოსკოვი საქართველოს სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის სხვა ფორმატებშიც მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ერთ-ერთი მათგანია „3+3“, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს — საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს — და მათ სამ მეზობელ ქვეყანას — რუსეთს, თურქეთსა და ირანს — აერთიანებს.
საქართველო ამ პლატფორმის მუშაობაში დღემდე არ მონაწილეობს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მიხაილ კალუგინის განცხადებით, ფორმატს რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. მოსკოვი თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებად ტრანსპორტს, ლოგისტიკას, ენერგეტიკას, ტელეკომუნიკაციებს, კულტურასა და განათლებას ასახელებს და აცხადებს, რომ საქართველოს პლატფორმაში ჩართვა ნებისმიერ დროს შეუძლია.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, საქართველოსთვის ეს საკითხი მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებით არ შემოიფარგლება. ფორმატის მონაწილეა რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული აქვს და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. შესაბამისად, პლატფორმაში მონაწილეობას პოლიტიკური და უსაფრთხოების განზომილებაც აქვს.
სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება და ჟენევის ფორმატის მომავალი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოებაზე.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ამ გადაწყვეტილებას კრიტიკულად გამოეხმაურა „საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება“ (DSG), რომელიც სხვადასხვა თაობის კარიერულ დიპლომატებს აერთიანებს.
სპეციალური წარმომადგენლის ფუნქციებს რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხიც დაემატა. მანამდე მისი მანდატი ძირითადად ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ საკითხებს მოიცავდა, ხოლო შეხვედრები არაფორმალურ ხასიათს ატარებდა.
ინსტიტუტის შეფასებით, მანდატის გაფართოებამ შესაძლოა შექმნას აღქმა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პარალელურად, კონფლიქტის საკითხებზე ალტერნატიული მოლაპარაკების არხის ჩამოყალიბება ხდება. ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჟენევის ფორმატის მნიშვნელობასა და საქართველოს დიპლომატიურ პოზიციებზე.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთის ბოლო განცხადებები აჩვენებს, რომ მოსკოვი სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის საკუთარი ხედვის დამკვიდრებას ცდილობს. საქართველოსთვის მთავარი გამოწვევაა, შეინარჩუნოს დიალოგის შესაძლებლობა, დაიცვას ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი და არ დაუშვას საერთაშორისო მოლაპარაკებების ისეთი ფორმით გარდაქმნა, რომელიც მის პოზიციებს შეასუსტებს.
ორგანიზაციის შეფასებით, სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება განსაკუთრებით ფრთხილ მიდგომას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ საზოგადოებას მკაფიოდ განუმარტოს ახალი მანდატის მიზნები და ფარგლები, ასევე მისი ურთიერთკავშირი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებთან.