კომენტარი
    2026-04-07 | 09:31

    ბიძინა ივანიშვილის  პასუხისმგებლობა და როლი ყოველთვის აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება -  ლევან მაჭავარიანი

    ბიძინა ივანიშვილის  პასუხისმგებლობა და როლი ყოველთვის აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება -  ლევან მაჭავარიანი

    „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან.

    მისივე თქმით, ალიევმა ცალ-ცალკე განიხილა ყველა ის საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია.

    მაჭავარიანის შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს, ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულ პოლიტიკურ თანამდებობას იკავებს თუ არა, რადგან მისი პასუხისმგებლობა და როლი ქვეყნისთვის „სხვა ხარისხშია“.

    „ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ალიევს შეხვედრები ჰქონდა ჩვენს პრეზიდენტთან, ჩვენს პრემიერ-მინისტრთან და ბიძინა ივანიშვილთან. ყველასთან ცალ-ცალკე გაიარა ის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის. მნიშვნელობა არ აქვს, ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულად რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება. მისი პასუხისმგებლობა და როლი ყოველთვის აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

    დეპუტატის თქმით, ივანიშვილის როლი და პასუხისმგებლობა ქვეყნისთვის არ არის დამოკიდებული მის პოლიტიკაში ფორმალურ ჩართულობაზე.

    მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი არის „ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განმტკიცების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვის, ასევე მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების მთავარი გარანტი“.