ირანის სახელმწიფო მაუწყებელი პირობითი ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიან გეგმას ავრცელებს
„ბიბისი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით, თეირანის მიერ შემუშავებულ ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს.
ირანის სახელმწიფო მაუწყებელმა პირობითი ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიანი გეგმა გაავრცელა, რომელიც, მათი ინფორმაციით, რეგიონში საომარი მოქმედებების შეწყვეტას და ირანის მიმართ დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გეგმა მოიცავს ერაყში, ლიბანში და იემენში ომის სრულ შეწყვეტას, ასევე ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების მუდმივ დასრულებას, ვადის განსაზღვრის გარეშე.
ამასთან, დოკუმენტში საუბარია რეგიონში ყველა კონფლიქტის სრულ დასრულებაზე, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე და იქ ნაოსნობის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სპეციალური პროტოკოლისა და პირობების დადგენაზე.
გეგმის მიხედვით, ირანი ასევე ითხოვს აღდგენა-რეკონსტრუქციის ხარჯების სრულ კომპენსაციას, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სრულ მოხსნას და აშშ-ის მიერ გაყინული ირანული ფონდებისა და აქტივების გათავისუფლებას.
დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ირანი სრულ ვალდებულებას იღებს, რომ ბირთვული იარაღის ფლობას არ შეეცდება.
ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, ზემოაღნიშნული პირობების დამტკიცების შემთხვევაში, ცეცხლის შეწყვეტა ყველა ფრონტზე დაუყოვნებლივ ამოქმედდება.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანისგან 10-პუნქტიანი წინადადება მიიღო, რაც მოლაპარაკებების საფუძველია. ირანულმა მხარემ კი აღნიშნა, რომ პარასკევიდან პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებები დაიწყება.