ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ორი კვირით შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ დარტყმები - ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ორი კვირით შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ დარტყმები, იმ პირობით, რომ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს ყველა თავდასხმას აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონში არსებულ ქვეყნებზე. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაშია აღნიშნული.
„ისრაელი ასევე მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას უზრუნველყოს, რომ ირანი აღარ წარმოადგენდეს ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს ამერიკისთვის, ისრაელისთვის, ირანის არაბი მეზობლებისა და მსოფლიოსთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ნეთანიაჰუს ოფისის მტკიცებით, აშშ-მა ისრაელს განუცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში ის ერთგულია იმ საერთო მიზნების მიღწევის მიმართ, რომელსაც აშშ, ისრაელი და ისრაელის რეგიონული მოკავშირეები იზიარებენ.
ამასთან, ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება ცეცხლის ორი კვირის განმავლობაში შეწყვეტასთან დაკავშირებით ლიბანს არ მოიცავს.
„ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა ლიბანს არ მოიცავს“, - აღნიშნულია ისრაელის პრემიერის განცხადებაში.
ცნობისთვის, მანამდე პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს შუამავლობს, განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ლიბანსაც მოიცავს.