პოლიტიკა
    2026-10-30 | 14:57

    კოლექტიური მართლმსაჯულება და კოლექტიური გასამართლება ადრეულ შუა საუკუნეებშიც კი არ იყო და დღეს ეს ხალხი გვეუბნება, რომ კოლექტიური მართლმსაჯულება უნდა მოხდეს - ლევან სამუშია

    კოლექტიური მართლმსაჯულება და კოლექტიური გასამართლება ადრეულ შუა საუკუნეებშიც კი არ იყო და დღეს ეს ხალხი გვეუბნება, რომ კოლექტიური მართლმსაჯულება უნდა მოხდეს - ლევან სამუშია

    საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან სამუშიამ განაცხადა, რომ სარჩელი სამართლებრივ არგუმენტებს მოკლებულია და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

    მისი შეფასებით, სარჩელში არ არის გამიჯნული, კონკრეტულად რომელ პარტიას რა ქმედება ედება ბრალად, რაც, მისი თქმით, სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს – ქმედებათა ინდივიდუალიზაციას ეწინააღმდეგება.

    „კოლექტიური მართლმსაჯულება და კოლექტიური გასამართლება ადრეულ შუა საუკუნეებშიც კი არ იყო და დღეს ეს ხალხი გვეუბნება, რომ კოლექტიური მართლმსაჯულება უნდა მოხდეს.

    საკონსტიტუციო სარჩელში გამიჯვნა, ზღვარიც კი არ არის, თუ სად იწყება ერთი პარტიის მიმართ ბრალდება და სად სრულდება მეორე პარტიის მიმართ ბრალდება. ქმედებათა ინდივიდუალიზაცია სამართლის ანა-ბანაა, მაგრამ ამას ვერ გააკეთებდნენ, რადგან, სულ რომ მსოფლიო იურისტები მოიყვანონ, „ლელოსთან“ დაკავშირებით რაიმე სახის სამართლებრივად მაკომპრომეტირებელს ვერ მოძებნიან და წარმოადგენენ“, – განაცხადა სამუშიამ.

    მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მის სულისკვეთებას და მიმართულია დემოკრატიული წესწყობილების წინააღმდეგ.

    სამუშიას განცხადებით, სარჩელში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პარტია „ლელო“ საქართველოს კონსტიტუციით აკრძალულ ქმედებებს ახორციელებს.

    „ლელოსთან“ დაკავშირებით არა თუ პარტიის ქმედებები და ქმედებათა ჯაჭვი, არამედ პარტიის წევრებისა და გადაწყვეტილებების მიმღები პირების ვერც ერთ განცხადებას ვერ მოიყვანთ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და საქართველოს კანონმდებლობასთან მოდის წინააღმდეგობაში“, – აღნიშნა მან.

    სამუშიამ ასევე განაცხადა, რომ ცალკეული წევრების შესაძლო ქმედებები ავტომატურად არ უნდა შეერაცხოს მთლიანად პოლიტიკურ პარტიას.

    „ვთქვათ, რომ რომელიღაც X პარტიის ერთი თუ ორი წევრი შეიშალა, შეუძლებელია, რომ მათი ქმედება პარტიას შეერაცხოს. ეს არის სამართლისა და კონსტიტუციის შეურაცხყოფა. მე აქ წარმოდგენილი პირების კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება და შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ამ ადამიანებმა არ იციან, მაგრამ ეშმაკი მოტივებშია დამალული და მთავარი მოტივებია“, – განაცხადა სამუშიამ.

    მისივე შეფასებით, მიუხედავად მოწოდებისა, რომ პროცესში მეტი სამართალი და ნაკლები პოლიტიკა იყოს, წარდგენილი სარჩელი ამის შესაძლებლობას არ იძლევა.

    „სწორად შენიშნეთ – მეტი სამართალი და ნაკლები პოლიტიკა, მაგრამ ეს კონსტიტუციური სარჩელი არ მაძლევს შესაძლებლობას, რომ იყოს მეტი სამართალი და ნაკლები პოლიტიკა. სარჩელში სამართლის ნატამალს ვერ იპოვით. ეს არ არის პოლიტიკურ განზრახულობათა – ქვეყნისთვის ცუდ განზრახულობათა კრებული, რომელსაც მორგებულია კონსტიტუციის 23-ე მუხლი, თუმცა სამართალთან და საკონსტიტუციო სარჩელთან კავშირი არ გააჩნია“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.

     

    მსგავსი სტატიები