მოსკოვმა კობა ხაბაზს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის მთავარი პროკურატურა აცხადებს, იგი მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს.
„მან სამხედრო წვრთნები გაიარა სასწავლო ბაზებზე, აღჭურვეს ცეცხლსასროლი იარაღით და 2026 წლის იანვრამდე მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში სხვადასხვა შეხების წერტილში. დაქირავებული მებრძოლის ანაზღაურებამ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისთვის 3,6 [125 ათასი ლარი] მილიონ რუბლს გადააჭარბა.
სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციის გათვალისწინებით, ხაბაზს დაუსწრებლად მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში მოხდით“, – ნათქვამია რუსეთის პროკურატურის განცხადებაში.
რუსული მედია წერს, რომ ხაბაზზე ამჟამად საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.