პარტიების აკრძალვის შემთხვევაში საქართველოში არჩევნების ჩატარება შეუძლებელი გახდება, ხოლო ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივა ნულამდე შემცირდება - ნიკა გვარამია
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში საქართველოში არჩევნების ჩატარება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება, ხოლო ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივა ნულამდე შემცირდება.
ამის შესახებ გვარამიამ „ოპოზიციური ალიანსისა“ და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრის მთავარი მიზანი დიპლომატიური კორპუსისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესისა და ოპოზიციის პოზიციის გაცნობა იყო.
„არჩევნების გაუქმებაა, როდესაც ყველა მეინსტრიმული ოპოზიციური პარტია უქმდება. შეგახსენებთ, მხოლოდ ისინი კი არ უქმდებიან, ვისზეც ახლა სარჩელია შეტანილი, ის პარტიები, რომლებიც კოალიციაში იყვნენ, ჩათვალეთ, რომ ყველანი უქმდებიან. ლიდერები ინდივიდუალურად აიკრძალებიან, სხვა თუ არაფერი“, – განაცხადა გვარამიამ.
მისივე შეფასებით, ასეთ პირობებში ჩატარებულ პროცესს არჩევნები ვერ დაერქმევა. გვარამიას თქმით, ოპოზიცია მინიმალურად სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას მოითხოვს და ამ მიზნით ექვსი მოთხოვნა აქვს გამოქვეყნებული.
„საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც ეს სრულიად გასაგებია და ნულოვანი შანსია იმისი, რომ რაც გაუქმების შემდეგ მოხდება, ოდესმე რაიმე ფორმატში არჩევნები დაერქვას. ჩვენ მოვითხოვთ მინიმალურად სამართლიან არჩევნებს მაინც, გამოქვეყნებული გვაქვს ექვსი მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროცესი, რომელსაც არჩევნები კი არ ჰქვია, არამედ შინაარსობრივად არის არჩევნები“, – აღნიშნა მან.
გვარამიას განცხადებით, პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივას პრაქტიკულად გამორიცხავს.
„შანსი, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს და უფრო მეტიც, ძალიან არ დაშორდეს მას, ამ გადაწყვეტილების შემდეგ იქნება ნულოვანი. სარჩელის პირობებშიც კი ძალიან გამწვავდა დამოკიდებულება, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირთან დაახლოების შანსი იქნება ნულოვანი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.