მსოფლიო
    2026-04-13 | 05:45

    ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს - ვიქტორ ორბანმა არჩევნებში დამარცხება აღიარა

    ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს - ვიქტორ ორბანმა არჩევნებში დამარცხება აღიარა

    ხმების დაახლოებით 99%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, - ინფორმაციას უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისია ავრცელებს.

    უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, დათვლილია ხმების 98.93%, რომლის მიხედვითაც პიტერ მადიარის ოპოზიციური პარტია „ტისა“ ქვეყნის 199 ადგილიან პარლამენტში ორ მესამედს გააკონტროლებს და ერთპარტიულ საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩამოაყალიბებს.

    უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ბიულეტენების დაახლოებით 99%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიამ „ტისამ“ ხმების 53.06% მიიღო. მოქმედმა მმართველმა პარტიამ „ფიდესმა“ 38.43%, ხოლო ულტრამემარჯვენე „მი ჰაზანკმა“ 5.83% მიიღო.

    არსებული მონაცემებით, „ტისა“ პარლამენტში 138 მანდატს მიიღებს, „ფიდესი“ - 55-ს, ხოლო პარტია „მი ჰაზანკი“ - 6-ს. საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის 133 მანდატია საჭირო.

    შეგახსენებთ, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. საპარლამენტო არჩევნებში ხმა ამომრჩეველთა 79.51%-მა მისცა და უნგრეთის ისტორიაში რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა.

    უნგრეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა არჩევნებში დამარცხება აღიარა.