პოლიტიკა
    2026-11-06 | 16:07

    ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დიქტატურის გაფორმება იქნება დემოკრატიული ფასადით, რასაც ქვეყნისთვის მძიმე შედეგები და საფრთხეები მოჰყვება - გიორგი შარაშიძე

    ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დიქტატურის გაფორმება იქნება დემოკრატიული ფასადით, რასაც ქვეყნისთვის მძიმე შედეგები და საფრთხეები მოჰყვება - გიორგი შარაშიძე

    პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი წინასწარ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების ფორმალური გაფორმებაა.

    როგორც შარაშიძემ აღნიშნა, სასამართლო პროცესის დაჩქარება, შუამდგომლობების დაუკმაყოფილებლობა და პარალელურად ჩორჩანას საქმის დაჩქარებული განხილვა მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის აკრძალვა დიდი ხნის წინ აქვს გადაწყვეტილი.

    „საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ ფორმალურად უწევს ამ გადაწყვეტილების გაფორმება. ეს იქნება განსხვავებული აზრის აკრძალვა, პლურალიზმის გაქრობა და დემოკრატიის შენიღბვა ფასადითა და ილუზიით, თითქოს ამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები იქნება. რა თქმა უნდა, არ იქნება“, – განაცხადა შარაშიძემ.

    მისი შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს, არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს და ხელი შეუწყოს მისთვის კომფორტული, ხელოვნურად მართული პოლიტიკური პარტიების შექმნასა და განვითარებას.

    შარაშიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დიქტატურის გაფორმება იქნება დემოკრატიული ფასადით, რასაც ქვეყნისთვის მძიმე შედეგები და საფრთხეები მოჰყვება.

    „დღეს „ოცნება“ ფლობს შეუზღუდავ ძალაუფლებას და ამ ძალაუფლებით ცდილობს, ბოლომდე დაიკანონოს არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც და საკუთარ მართვას დაუქვემდებაროს. თუმცა ეს სარჩელი იქნება მტკიცებულება, პირველ რიგში, „ოცნების“ და იმ 88 დეპუტატის წინააღმდეგ, რომლებმაც ამ სრულიად აბსურდულ სარჩელს ხელი მოაწერეს“, – აღნიშნა მან.

    შარაშიძის მტკიცებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კონსტიტუციის 23-ე მუხლის არცერთ მოთხოვნას არ არღვევს და მისი აკრძალვის მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

    მისივე განმარტებით, პარტია ყოველთვის იცავდა არჩევნებს, როგორც ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების მთავარ ინსტრუმენტს. შარაშიძის თქმით, 4 ოქტომბერს პარტიის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ და ხმების დაცვას ცდილობდნენ.

    „ჩვენი ქმედებით ვაჩვენებდით ხალხს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო იმ უპასუხისმგებლო 4 ოქტომბრის პროვოკაციის ალტერნატივა – არჩევნები. ჩვენი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტიისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ სიტუაციის ჩაწყნარება და ნორმალური, გონივრული პოლიტიკის დაბრუნება პოლიტიკაში. და ახლა წარმოიდგინეთ, ამ ქმედების გამო თურმე ჩვენი პარტია არის ასაკრძალი. ეს სრულიად უტიფარი და აბსურდული ბრალდებაა“, – განაცხადა შარაშიძემ.

    მისი თქმით, პარტია ეწინააღმდეგებოდა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობას, რადგან მიიჩნევდა, რომ ეს ხელისუფლების მიერ მოწყობილი პროვოკაცია და ხაფანგი იყო.

    შარაშიძის განცხადებით, „გახარია საქართველოსთვის“ ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიაა, რომელთანაც, მისი შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ოპონირების უნარი აღარ შესწევს.