პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა „ქართული ოცნების“ - მაკა ბოჭორიშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტში ინტერპელაციის წესით ფრაქცია „საქართველოსთვის“ კითხვებს უპასუხა.
მისი განცხადებით, 2014 წლიდან, როგორც ევროკავშირის ასოცირებულმა პარტნიორმა ქვეყანამ, საქართველომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევით ყველა მიმართულებით თვალსაჩინო პროგრესს მიაღწია, რაც, მისივე თქმით, ევროპულმა ბიუროკრატიამაც აღიარა და 2023 წელს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს პროგრესს ადასტურებს ევროკომისიის ყველა ანგარიში, რომელიც 2025 წლამდე ბრიუსელში მომზადდა და გამოქვეყნდა.
მინისტრის განმარტებით, 2024 წელს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერება ბრიუსელის გადაწყვეტილება იყო და არა „ქართული ოცნების“. მისივე თქმით, 2024 წლის 9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განმარტა, რომ 27 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.
ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობისთვის ისტორიულ, კულტურულ და იდენტობაზე დაფუძნებულ მისწრაფებას წარმოადგენს და ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
მისივე თქმით, საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, მუქარა და შანტაჟი აზიანებს პროცესს და წარმოადგენს მანიპულაციის მცდელობას.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დაუშვებს ქვეყნის ყოფნას „მუდმივი შანტაჟისა და მანიპულაციის რეჟიმში“.
ამავე კონტექსტში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე დაყრდნობით, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამ მიზნის მისაღწევად ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების გახსნა შესაძლოა გამოყენებული იყოს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, ხოლო მთავარი მნიშვნელობა ენიჭება პროცესის დასრულებას. მინისტრის განმარტებით, საქართველო 2028 წლისთვის ეკონომიკურად მზად იქნება მოლაპარაკებების გასახსნელად, რაც 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას შექმნის.
ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კანდიდატ ქვეყანასთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილებას იღებს ევროკავშირის საბჭო და არა თავად კანდიდატი ქვეყანა.