ახლა ვართ მესამე ეტაპზე, რომ შევიტანოთ კიდევ ერთი საჩივარი ...დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა არის კოშმარი - შალვა პაპუაშვილი
BBC-ში შეტანილი მეორე საჩივრის პასუხთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილი განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დავის გაგრძელებას გეგმავს და მესამე საჩივრის მომზადებაზე მუშაობს.
მისი თქმით, პროცედურის მიხედვით, საჩივრის პირველი განხილვა თავად მაუწყებლის შიგნით, იმავე ჟურნალისტების მიერ მოხდა, რომლებმაც სიუჟეტი მოამზადეს, ხოლო მეორე ეტაპზე საქმე სარედაქციო ჯგუფმა განიხილა, თუმცა ორივე ინსტანციამ საჩივარი არ დააკმაყოფილა.
პაპუაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე იგეგმება მესამე საჩივრის შეტანა, რომელიც კვლავ BBC-ის შიდა მექანიზმის ფარგლებში, უფრო მაღალ დონეზე განიხილება. მისივე თქმით, საბოლოო ეტაპზე საკითხის განხილვა მაუწყებლის ბორდში, გარე ექსპერტების მონაწილეობით არის შესაძლებელი.
პარლამენტის თავმჯდომარემ გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა და აღნიშნა, რომ მოქმედი პროცედურები, მისი შეფასებით, „მსხვერპლის მიმართ მტრულია“ და დავის პროცესს მნიშვნელოვნად აჭიანურებს.
„აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა არის კოშმარი. არ ვიცი, რა პირით გვესაუბრებიან ხოლმე ჩვენ რაიმე მართლმსაჯულების თუ სამართლებრივ პროცედურებზე,“- განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველა ინსტანციის გავლას გეგმავს და საჭიროების შემთხვევაში საქმეს საერთაშორისო დონეზეც გააგრძელებს, მათ შორის, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო-ში.
პაპუაშვილის განმარტებით, დავა უკავშირდება BBC-ის მიერ გავრცელებულ სიუჟეტს, რომელიც, მისი შეფასებით, „დეზინფორმაციას“ შეიცავს და მოითხოვს აღნიშნული მასალის პლატფორმიდან მოხსნასა და ფაქტის აღიარებას.